"ახალი ღვინის ფესტივალი 2015" გაიხსნა

რესტორან "ფუნიკულიორში" გუშინ საღამოს "ახალი ღვინის ფესტივალი 2015" გაიხსნა. ფესტივალის გახსნის შემდეგ ქართული, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული 9 სახეობის ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა და სტუმრებისათვის საზეიმო მიღება გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, ფესტივალი ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. "ეს ფესტივალი საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურის პრომოციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირე და საშუალო მწარმობლების წახალისება ხდება. აქ ერთმანეთს ხვდებიან, ინფორმაციას აზიარებენ ერთმანეთში, ხდება რეკლამირება. ბევრს უჩნდება სურვილი, თვითონაც დაამზადოს ღვინო. 10 წლის წინ ძალიან ცოტა ღვინის მწარმოებელი იყო. დღეს უკვე გვაქვს არჩევანი, სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა მოსავლის ღვინო გავსინჯოთ", - აღნიშნა სამანიშვილმა.

ფესტივალი დედა ენის ბაღში გრძელდება, სადაც ბოლო მოსავლის ღვინოები ღვინის 60-მდე დიდ კომპანიას აქვს წარმოდგენილი: მცირე მარანი და 55 საოჯახო მარანი (72 სახეობის ღვინით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ, 2014 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები დააგემოვნონ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

10 მაისს უცხოეთიდან საგანგებოდ ფესტივალისთვის მოწვეული სტუმრებისთვის ღვინის ტურები ქართლსა და კახეთში მოეწყობა. ღვინის თითოეული ტურის პაკეტი ტრანსპორტისა და გიდის მომსახურებას, 3 დეგუსტაციასა და სადილს მოიცავს.