ერთ თვეში 1 635 საჩივარი - რაზე უჩივიან ბანკებს მომხმარებლები

წელს აგვისტოში, კომერციული ბანკების მიმართ 1 635 საჩივარი დაიწერა, რაც მხოლოდ ერთით ჩამორჩება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წლის აგვისტოში 1 636 პრეტენზია დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი მიმდინარე ანგარიშებსა და სამომხმარებლო სესხებზე დაიწერა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით პრეტენზიების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 737 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 282 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 116 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 66 განაცხადი;
  • იპოთეკური სესხები - 54 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 616 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება 383 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 284 განაცხადით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში 1635 საჩივრიდან ბანკებმა 984 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 182 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 460 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 9-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ნინი ქეთელაური