რეპორტაჟი "ახალი ღვინის ფესტივალი 2015"-ს გახსნის წვეულებიდან

"ახალი ღვინის ფესტივალი 2015" საზეიმო წვეულებით რესტორან "ფუნიკულიორში" გუშინ საღამოს გაიხსნა. ფესტივალის საზეიმო გახსნის შემდეგ ქართული, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული 9 სახეობის ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა და მიწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ახალი ღვინის ფესტივალი" უკვე მეექვსედ ტარდება საქართველოში და სამი კატეგორიის მწარმოებლებს: დიდ კომპანიებს, მცირე მარნებს და ოჯახურ მარნებს საკუთარი ღვინის წარმოდგენის, ახალი კონტაქტების გაჩენის და ღვინის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს. იქმნება ახალი ჯიშები, ტარდება ექსპერიმენტები, ჩნდებიან ღვინის ახალი მწარმოებლები, ხდება უცხოელების დაინტერესება ქართული ღვინით და მათი ინფორმირება საქართველოს ისტორიის, ვაზის ჯიშების და ღვინოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციით.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორ "ღვინის კლუბის" პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ღვინის მიმართ უკანასკნელი წლების განმავლობაში დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა:  "ძალიან შეიცვალა გარემო ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში. უკვე ჯანსაღი დამოკიდებულებაა მომხმარებლის მხრიდან 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. თუმცა გვინდა, უფრო კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ამ 6 წლის მანძილზე, ფესტივალზე ყოველწლიურად იზრდება მონაწილეების რაოდენობა. იქნება ეს ოჯახური მარნები, დიდი კომპანიები თუ მცირე მარნები. იზრდება ქართული ღვინის ჯიშური შემადგენლობაც", - ამბობს მალხაზ ხარბედია.

მისივე თქმით, ღვინის კულტურის განვითარება მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოების ცნობიერების განვითარებას. ქართველებში არსებული გარკვეული მენტალური პრობლემები, გარკვეულწილად, ვაზსა და ადამიანს შორის კავშირის გაწყვეტამ გამოიწვია: "მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ღვინოს აქვს უნარი, შეცვალოს ქართული ცნობიერება, მენტალიტეტი. ჩვენ რომ გარკვეული მენტალური პრობლემები გვაქვს, იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ გაწყდა კავშირი ხალხსა და ღვინოს შორის, ადამიანსა და ვენახს შორის. ბევრი ვერ ცნობს ღვინოს, ვერ ცნობს ჯიშებს, არ იცის ისტორია და მხოლოდ საკუთარი ლეგენდებით საზრდოობს. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს მეტი ინფორმაცია და ვიყოთ გადამდებები",- აღნიშნავს მალხაზ ხარბედია.

ფესტივალის მნიშვნელობაზე Ambebi.ge -სთან საუბრობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანაშვილიც:  "ეს ფესტივალი საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურის პრომოციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირე და საშუალო მწარმოებლების წახალისება ხდება. აქ ერთმანეთს ხვდებიან, ინფორმაციას აზიარებენ ერთმანეთში, ხდება რეკლამირება. ბევრს უჩნდება სურვილი, თვითონაც დაამზადოს ღვინო. 10 წლის წინ ძალიან ცოტა ღვინის მწარმოებელი იყო. დღეს უკვე გვაქვს არჩევანი, სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა მოსავლის ღვინო გავსინჯოთ", - აღნიშნავს სამანიშვილი.

ღვინის როლსა და ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი:  "ზოგადად, ღვინის ისტორია და როლი შეუფასებელია, ვინაიდან ღვინო ქართული ისტორიისა და იდენტობის ნაწილი გახდა. მისი არა მარტო ისტორიული, არამედ ტურისტული მნიშვნელობა განსაკუთრებით საინტერესოა თბილისის მერიისთვის. ჩვენ გვინდა და ვცდილობთ, თბილისის სახელი მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქართულ ღვინოსთან და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ამისგან ქალაქმა თუ მისმა ტურისტულმა პოტენციალმა",-ამბობს ირაკლი ბერეკაშვილი.

"ახალი ღვინის ფესტივალი 2015" სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში, დედაენის ბაღში ღვინის 60-მდე მსხვილი კომპანია და მცირე მარანი, 55 საოჯახო მარანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენს. 10 მაისს კი უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტურები მოეწყობა.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE