წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი 72,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 304,494 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია (საკვები და სასმელი) გავიდა, 2022 წლის 8 თვეში - 232,069 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის და რას საქმიანობენ კომპანიები, რომლებმაც წელს რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტები ყველაზე დიდი რაოდენობით გაიტანეს.
„საქსტატიდან“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გთავაზობთ, სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტოპ-10 ექსპორტიორ კომპანიას რუსეთში (2023 წლის იანვარ-აგვისტო):
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - კომპანია ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე რეგისტრირებულ შ.პ.ს. IDS Borjomi Beverages Co.N.V-ს ეკუთვნის, კომპანიის დირექტორია ივანე მაჭავარიანი. კომპანია არამინერალურ და მინერალურ წყლებს აწარმოებს, ისეთებს როგორიცაა ბორჯომი, ლიკანი და ბაკურიანი.
სს ბადაგონი - კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის წევრები არიან: გიორგი სალაყაია, გერმანე შენგელია, ელისაბედ ბაგრატიონი, ვალერიან გორგილაძე და ქეთევან ჯაველიძე. დირექტორია მარინა გიორგაძე. ბადაგონი ალკოჰოლურ სასმელებს (ღვინო, შუშხუნა ღვინო, ჭაჭა) აწარმოებს.
სს ლომისი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის წევრებიც თურქეთის მოქალაქეები არიან: ჯან ჩაქა, გოქჩე იანასმაიან, ილდირაი ეფილ, ბანუ ფატმა ართუზ. დირექტორია ველი დინჩელ. ლომისი აწარმოებს ლიმონათს, ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს.
შპს Bolero & Company - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მესაკუთრეა რუსეთ-საქართველოს მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, დირექტორი კი - დავით ბოჭორიშვილი.Bolero & Company აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს (კონიაკი, ღვინო ჭაჭა).
შპს GVMT Group -აღნიშნულ კომპანიასაც რუსეთ-საქართველოს მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს. დირექტორია ლერი რაზმაძე. კომპანია აწარმოებს ღვინოს, არაყს და კონიაკს.
შპს ასკანელი ძმები - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 55%-ანი წილის მფლობელია საქართველო-რუსეთის მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, 45% ეკუთვნის შპს ასკანელი ვაინერი & დისტილერს, რომლის მფლობელი ასევე გოჩა ჩხაიძეა. ასკანელი ძმების საქმიანობა ალკოჰოლურ სასმელების წარმოებაა.
შპს დემე - კომპანიის მფლობელი და დირექტორია ბიჭიკო მენაფირე. კომპანიის საქმიანობას ხილის ექსპორტ-იმპორტი წარმოადგენს.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 25.68%-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ზაალ დუგლაძე, თუმცა წილს მართავს დავით დუგლაძე, 25.66%-ანი წლები ეკუთვნით ალექსანდრე ივანიშვილს და დავით დუგლაძეს, 23% მალხაზ ყანჩაველს. კომპანიის საქმიანობაა ალკოჰოლური სასმელების წარმოება.
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანიის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ჩხაიძეა. ამასთან, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საქმიანობათა ჩამონათვალშია ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ასევე სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება.
შპს ლოადს - კომპანიის მესაკუთრე და დირექტორია მალხაზი კიკაბიძე. კომპანია უალკოჰოლო სასმელებს აწარმოებს.
ცნობისათვის, ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.