მორიგი რეკორდი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52 მლრდ ლარს გადააჭარბა

აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულ ნიშნულზეა. 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52.647 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მლრდ ლარით, 2020 წელთან შედარებით კი 20.556 მლრდ ლარით მეტია. კერძოდ, 2021 წელს ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 29% იყო. ცნობისათვის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 32%, 2020 წელს კი 28%.

როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 10 067 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 2 873 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 80.4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 181.8 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 29% შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) მოდის - 38%-ით (69.244 მლრდ ლარის ბრუნვა 2022 წელს).

ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.