გიორგი აბაშიშვილი: საქართველო მზად არის, საინვესტიციო მიმართულებით თავისი შესაძლებლობები ევროპას გააცნოს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, თავისი შესაძლებლობები საინვესტიციო მიმართულებით ევროპას გააცნოს.

აბაშიშვილის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპალატის პრეზიდენტთან. გარდა ამისა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ევროკომისრებს შეხვდება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტში, ნატო-ში, პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან.  "ევროპალატა არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 20 მილიონ კომპანიას ევროპის მასშტაბით. თავისთავად ცხადია, პრეზიდენტის უმაღლესი რანგის შეხვედრა ევროპალატის პრეზიდენტთან განსაკუთრებულ მნიშვნელობა ატარებს. ეს არის პირდაპირი გზავნილი უმაღლეს დონეზე, რომ საქართველო მზად არის ინვესტიციებისთვის და მზად არის, გააცნოს ევროპას მისი შესაძლებლობები საინვესტიციო მიმართულებით", -განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ამავდროულად, მნიშვნელოვანია შეხვედრა ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში."ერთის მხრივ, საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, მაგრამ ამავდროულად ფაქტია, საქართველოს აქვს ძალიან დიდი როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით და თავისთავად ცხადია, ბატონი პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს იმ უპირატესობებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ცხადია, ეს ყველაფერი შეუძლებელია განხორციელდეს ცალკე აღებული და ამ კუთხით ევროპის, საქართველოს და რეგიონის ქვეყნების პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო.