თბილისის მერია „გრინსერვის+“-ის, რომელსაც ვაკის პარკში შადრევნებისა მოწყობა ევალებოდა, შავ სიაში შეყვანას ითხოვს

თბილისის მერია „გრინსერვის+“-ის, რომელსაც ვაკის პარკში შადრევნებისა მოწყობა ევალებოდა, შავ სიაში შეყვანას ითხოვს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ დოკუმენტშია აღნიშნული.

მერიის ინფორმაციით, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო, კომპანიის შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წელს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

ასევე, ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 9 პირს ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც სასამართლომ 8 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, გრინსერვის+-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ერთი ტენდერი კიდევ მოიგო. კერძოდ, მერიამ თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 2022 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3 499 966 ლარი იყო, რომელზეც წინადადებები 2-მა კომპანიამ - შპს AWARD-მა და „გრინსერვის+"-მა წარადგინა. ამ უკანასკნელმა მერიას აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის 3 145 000 ლარი შესთავაზა, იმაზე ნაკლები, ვიდრე კონკურენტმა და შესაბამისად, ტენდერიც „გრინვესვის+“-მა მოიგო. ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, კომპანია „გრინსერვის+“-ის 34%-ანი წილი ეკუთვნის ტარიელ კიკნაძეს, ხოლო 33-33%-ანი წილები კობა ხარშილაძესა და ლაშა ფურცხვანიძეს. კომპანიის ერთპიროვნული დირექტორია კობა ხარშილაძე.

ნინი ქეთელაური