მერიის რეაგირება სოციალურ ქსელში ატეხილ განგაშზე

”ყურადღებას მოგვაქცევს ვინმე, თუ ელბაქიძის ისტორია რომ განმეორდება, მერე გელოდოთ?! რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილია, მაგრამ სამუშაოები არ მიმდინარეობს. ნელ-ნელა ინგრევა გზა. იქნებ რაიმე გააკეთოთ, სანამ ჩავედით მოსახლეობა ამ ორმოში!!!! მანქანების მოძრაობა გაუქმებულია, თუ ასე გაგრძელდა და გამაგრება არ ჩაუტარდა, მალე სახლებს მოადგება ეს მიწა, ჩაინგრევა და საერთოდ უბინაოდ დავრჩებით”, - რამდენიმე დღის წინ ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ბარნოვის ქუჩის #2-ში შექმნილ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. საუბარია ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის მხოლოდ საძირკველი იყო გათხრილი. რამდენიმე დღის წინ კი გზის ნაწილი ჩამოიშალა და მოსახლეობა აცხადებდა, რომ თუ მერია გამაგრებით სამუშაოებს არ დაიწყებდა, მათ სახლებსაც საფრთხე ემუქრებოდა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები "მთელ კვირასთან" საუბრობენ, მას შემდეგ, რაც ქუჩის მოსახლეობამ ამ პრობლემის გამო განგაში ატეხა, მერიამ ტერიტორიის გამაგრება დაიწყო და საფრთხეც აღარაა. "ახლა უკვე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და საშიშიც აღარაა ჩვენთვის. გამაგრებითი სამუშაოები იმის მერე დაიწყეს, რაც რამდენიმე დღის წინ ქუჩის მცხოვრებლებმა ამბავი ატეხეს. აქამდე კი, რაც ქვეყანაში ხდებოდა, იმის ასახვა იყო აქაც", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბარნოვის #2-ში მცხოვრებმა შუახნის ქალბატონმა.

მერიაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობის დამკვეთის მხრიდან გამაგრებითი სამუშაოები ადგილზე უკვე მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს მერია აკონტროლებს და გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.

"2015 წლის აპრილში კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით მიტოვებულ სამშენებლო ობიექტზე დაფიქსირდა ქვაბული ფერდის და მიმდებარე გზის მონაკვეთის ჩამოშლა. მერიამ ადგილზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომები დაუყოვნებლივ უზრუნველყო. თუმცა, იმის გამო, რომ ქვაბულის ფერდი ავარიულ მდგომარეობაშია, პირველ რიგში დაზიანებული მონაკვეთის გამაგრებას საჭიროებს. მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ადგილზე გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებებია დაწყებული, რომელსაც ობიექტის დამკვეთი და ინვესტორი ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს ქვაბულის დაზიანებული მონაკვეთის, ფერდის გამაგრებითი სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში ინვესტორი მხარის მიერ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რის შედეგად კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ობიექტის სრული კონსერვაცია გახდება შესაძლებელი. გამაგრების სამუშაოების წარმოება მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრ კონტროლზეა აყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შეფერხება დაფიქსირდება, ან შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზიანებები არ აღმოიფხვრება, ზედამხედვლეობის საქალაქო სამსახური იძულების ღონისძიებებს გაატარებს, რათა მიმდინარე ტერიტორიაზე მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უზრუნველყოს", - აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას, მერიის ინფორმაციით, ბარნოვის #2-ში მშენებლობა 2011 წლიდან მიმდინარეობს და დარღვევების გამო დამკვეთი რამდენჯერმე დაჯარიმდა კიდეც, თუმცა როგორც ვხედავთ, დღემდე ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.

"ბარნოვის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 24 ივლისსაა გაცემული და ვადა 2011 წლის 24 ივლისს გაუვიდა. მშენებლობის დამკვეთი ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა "ბარნოვი 2"-ია. ამხანაგობა "ბარნოვი 2"-ის მიერ სამუშაოების მიტოვება მშენებლობის კონსერვაციის დარღვევით განხორციელდა, რის გამოც სამართალდამრღვევი პირის მიმართ 2011 წლის 24 იანვარს მითითება გაიცა, რომლითაც მხარეს ოცი დღის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევების გამოსწორება დაევალა. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2011 წლის 14 მარტს ამხანაგობა 10 000 ლარით დაჯარიმდა.

2014 წლის 10 ივლისს სამსახურის მიერ კვლავ გაიცა მითითება, რომლითაც დამრღვევს ობიექტის კონსერვაციისათვის 30 დღიანი ვადა განესაზღვრა. მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო კი ამხანაგობა "ბარნოვი 2" კვლავ 10 000 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, ამხანაგობას დარღვევის გამოსწორება დაევალა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონით "პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები განხორციელდება, კერძოდ, ობიექტზე გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება და საბოლოოდ, ტერიტორია უსაფრთხოების თვალსაზრისით, უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადეს მერიაში.

თაია არდოტელი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"