მთავარი მიზეზები, რის გამოც დასაქმებულები სამუშაოს ტოვებენ

სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა. დასაქმებულებს ამისთვის ერთი ან რამდენიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი უნდა ჰქონდეთ.

დაბალი ანაზღაურება, დაწინაურების შესაძლებლობის ნაკლებობა და გადაჭარბებული სამუშაო დრო - ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დასაქმებულები სამუშაო ადგილს ტოვებენ. სამსახურიდან წასვლის მიზეზების შესახებ კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young-მა ჩაატარა.

გამოიკითხა 9 700 სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანი მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ წამყვან ქვეყნებში: აშშ-ში, ბრაზილიაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. კვლევის მიხედვით, დასაქმებულები სამსახურიდან წასვლის მთავარი სამი მიზეზის გარდა, სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან წასვლის მიზეზი შესაძლოა, გახდეს ის, რომ კომპანიების ან დეპარტამენტების ხელმძღვანელები არ მიმართავენ წამახალისებელ მეთოდებს. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ისინი სამსახურიდან წავლენ, თუ ხელმძღვანელები არ მისცემენ დასაქმებულებს უფრო მეტ თავისუფლებას, გადაწყვიტონ თუ სად და როგორ იმუშაონ, მაგალითად დისტანციური მუშაობის უფლებას. 67 პროცენტი კი თვლის, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა, მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში იგრძნობა, რომ გარკვეულ სადამსჯელო ზომებს მიმართავენ დასაქმებულის მიმართ, თუ იგი მოქნილ სამუშაო გრაფიკს აირჩევს.