საქართველო-ირანის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

17-19 მაისს, თეირანში საქართველო-ირანის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს დელეგაციას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ქართულ-ირანული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.