თბილისსა და მცხეთაში წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

თბილისსა და მცხეთაში წყლის ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილება მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების ტარიფის დადგენის საკითხის საჯარო განხილვა 18 მაისის სხდომაზე მოხდება და გადაწყვეტილებაც ამ დღეს იქნება მიღებული.

რაც შეეხება შპს ,,მცხეთის წყლისთვის" წყალმომარაგების ტარიფის დადგენას, სემეკში აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 20 მაისს მოხდება.

სემეკის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია წყლის ტარიფთან დაკავშირებით, საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ გაირკვევა. კითხვაზე, ამ ორი კომპანიის გარდა, მიმართა თუ არა სემეკს წყალმომარაგების სფეროში დასაქმებულმა კიდევ სხვა კომპანიამ ტარიფის გადახედვის თხოვნით, გოჩა შონიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ასეთი სხვა კომპანია არ არის.  რაც შეეხება იმას, რომ სატარიფო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომპანიების - "ენერგო პრო ჯორჯიას", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "მცხეთის წყალის" მოთხოვნები კომისიამ სრულად არ დააკმაყოფილა, გოჩა შონია განმარტავს, რომ "ეს ყველაფერი მოქმედი კანონმდებლობით ხდება და ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება, თავისი სატარიფო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის მთლიანად კონფიდენციალურად ცნობა მოითხოვოს".

"კომისიამ განიხილა ეს საკითხები და წარმოდგენილი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი დატოვა ღიად, ხოლო ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც კომპანიის კონკურენტუნარიანობას ზიანს მიაყენებს, მაგალითად, როგორიცაა - საკრედიტო ხელშეკრულებები, ამონაწერები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საბანკო ანგარიშები, საბანკო ამონაწერები, ანგარიშფაქტურები, ინვოისები, ეს, რა თქმა უნდა, დახურულად ცნო. ამაზე იყო მხოლოდ საუბარი, მაგრამ ეს არის მცირე ნაწილი იმ ინფორმაციისა, რომლებიც მათ წარმოადგინეს და კონფიდენციალურად ცნობა მოითხოვეს. ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ფინანსური მონაცემი, მოგება ზარალი, ბალანსები, კაპიტალის მოძრაობა, ხელშეკრულებები, ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ინფორმაციები და .შ. კომისიამ საჯაროდ ცნო", - განაცხადა შონიამ.