რა ქონებას ფლობს გარემოს დაცვის ახალი მინისტრი?

პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებით არის დაკავებული. გასულ წელს მოსავლის რეალიზაციიდან მინისტრმა 25 000 ლარის მოგება მიიღო.

გასულ კვირას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პარლამენტარმა გიგლა აგულაშვილმა ჩაიბარა. პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენამდე გიგლა აგულაშვილი საგამოძიებო სტრუქტურებში მუშაობდა. მისი ქონებრივი დეკლარაციების ათვლაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. შესაბამისად, დეკლარირებული ქონების ნუსხაც საკმაოდ ვრცელია.

საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, გიგლა აგულაშვილმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია ჯერ კიდევ კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობის დროს, 2000 წელს შეავსო. იმ პერიოდში აგულაშვილის საკუთრებაში ბინა თბილისში (ღირებულება 20 000 ლარი), საგარეჯოში მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულება 7 000 ლარი და თბილისში მდებარე ავტოფარეხი (7 000 ლარად შეფასებული) იყო. ასევე ირკვევა, რომ დედოფლისწყაროს რაიონში მიწის ნაკვეთი 1 920 ლარად 2050 წლამდე იჯარით აიღო. კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობისას გიგლა აგულაშვილის წლიურმა ანაზღაურებამ 450 ლარი, ხოლო გენპროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას 998 ლარი შეადგინა.

გიგლა აგულაშვილს მეუღლე - ქეთევან გილიშვილი და სამი ვაჟიშვილი - ლუკა, გიორგი და მათე ჰყავს.

2001 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიგლა აგულაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორის თანამდებობაზეა. დეკლარაციის შევსების მომენტში აგულაშვილს ნაღდი ფულის სახით 22 000 ლარი, მეუღლე - ქეთევან გილაშვილს 30 000 ლარი, ხოლო შვილებს 7 200 ლარი ჰქონდათ. კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მიღებულმა წლიურმა ანაზღაურებამ 2 420 ლარი, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სემინარებზე ლექციების ჩატარების სანაცვლოდ 460 ლარი მიიღო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ აგულაშვილს კუთვნილი ავტომაქანა 7 200 ლარად გაუსხვისებია.

2002 წელს გიგლა აგულაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარამენტის თავმჯდომარის რანგში შეავსო. გიგლა აგულაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას წლიური შემოსავლის სახით 1494 ლარი, ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში ლექტორის თანამდებობაზე 205 ლარი, საია-ს სემინარებიდან 417 ლარი, სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორობისას 105 ლარი, ხოლო იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას 250 ლარი მიიღო.

2003 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას აგულაშვილის უძრავი ქონება უცვლელია. ავტომანქანა, რომლის მარკა უცნობია, აგულაშვილს 10 500 ლარად აქვს შეფასებული. 2003 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიგლა აგულაშვილს ბანკ „რესპუბლიკა საქართველოს“ მიმდინარე პლასტიკურ ბარათზე 71,69 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 10 000 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს ქეთევან გილაშვილს 20 000 ლარი, ხოლო შვილებს - გიორგი და ლუკა აგულაშვილებს 7 500 ლარი აქვთ. სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას აგულაშვილის წლიურმა შემოსავალმა 6837, 57 ლარი შეადგინა.

2004 წლის დეკლარაციის თანახმად, გიგლა აგულაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი გახლდათ და ანაზღაურების სახით 1881,2 ლარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას 291,67 ლარი, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივ სარგოდ 935, 21 ლარი მიიღო. ამავე მონაცემების მიხედვით, აგულაშვილების უძრავ-მოძრავი ქონება უცვლელია.

თითქმის 8-წლიანი შუალედის შემდეგ, გიგლა აგულაშვილმა მორიგი ქონებრივი დეკლარაცია პარლამენტარის რანგში 2012 წლის 7 დეკემბერს შეავსო. ამ დროისთვის აგულაშვილის უძრავი ქონება საგრძნობლად გაიზარდა: 1 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, 83.00 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი საბურთალოს ქუჩაზე, 30.კვ.მ ფართობის ავტოფარეხი კეკელიძეზე, 94,30 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე არასაცხოვრებელი ფართები კეკელიძის და ნუცუბიძის ქუჩებზე. აგულაშვილის მეუღლის, ქეთევან გილაშვილის სახელზეა 100 კვ. მ ფართის საცხოვრებელი ფართი კეკელიძეზე. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, აგულაშვილის საკუთრებაშია თბილისში, ხომლელის ქუჩაზე და საგარეჯოში სოფ. ბადიაურში არსებული მიწის ნაკვეთები. ამ დროისთვის აგულაშვილები ორ ავტომანქანას ფლობენ: 2000 წლის გამოშვების Mitsubishi Pajero Io და 2008 წლის გამოშვების Suzuki Grand Vitara.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: თიბისი ბანკში გიგლა აგულაშვილის სახელზე რამდენიმე ანგარიშია, მიმდინარე ანგარიშზე 14000 ლარი ირიცხება, ვიზა კლასიკზე 1130.13 ლარი, ვიზა გოლდის ბარათზე 7.03 აშშ დოლარი, ვიზა კლასიკზე 83.51 აშშ დოლარი, ანაბარზე კი 7.40 ლარი. საქართველოს ბანკის ანაბარზე 20 000 ლარი, ხოლო ბანკ ”ქართუში” ვიზა პლატინუმზე 8320.28 ლარი. მეუღლის, ქეთევან გილაშვილის სახელზე თიბისი ბანკში ვიზა კლასიკზე 71.31 აშშ დოლარი ირიცხება. ფულადი თანხის გრაფაში აგულაშვილს 10 000 ლარი, ქეთევან გილაშვილს 7 000 ლარი, ხოლო შვილის, გიორგი აგულაშვილის სახელზე 5 000 აშშ დოლარია.

პარლამენტარი სამეწარმეო საქმიანობითაც ყოფილა დაკავებული. გიგლა აგულაშვილი შპს „მწვანე კალათას“და შპს „პოლიტტექნოლოგიების ლაბორატორიის“ პარტნიორია. თუმცა, ანაზღაურების ორივე გრაფა ცარიელია. რაც შეეხება წლიურ შემოსავლებს, გიგლა აგულაშვილს საია-ში იურიდიული განათლების ხელმძღვანელობის ფონდში ლექტორობისას 2 525 ლარი, ხოლო რესპუბლიკურ პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე 27 000 ლარი მიუღია. ჩინოვნიკს საკრედიტო სესხებიც ჰქონდა. ამგვარად, საკრედიტო ხელშეკრულება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იზიკრედჯორჯიასთან“ორი სესხი ჰონდა, რომელიც უკვე დაფარა, ხოლო მესამე კრედიტის დაფარვა 2016 წელს უწევს.

შვილების ლუკა და მათე აგულაშვილების სწავლის საფასურმა საერთო ჯამში 6 500 ლარი შეადგინა, ხოლო გიგლა აგულაშვილმა სწავლისთვის 5113.38 აშშ დოლარი გადაიხადა. გიგლა აგულაშვილის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების გასავალმა 10 000 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ აგულაშვილს 19 000 ლარის მოგება მოუტანა.

2013 წლის 13 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით აგულაშვილების უძრავ-მოძრავი ქონება უცვლელია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: გიგლა აგულაშვილს თიბისი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 435.52 ლარი, ვიზა კლასიკზე 785.84 აშშ დოლარი, ანაბარზე 17000 აშშ დოლარი, ხოლო ბანკ ქართუს ვიზა პლატინუმზე 14007.2 ლარი აქვს. მეუღლეს, ქეთევან გილაშვილს თიბისი ბანკში ვიზა კლასიკზე 100 აშშ დოლარი აქვს. ფულადი თანხის გრაფაში გიგლა აგულაშვილს 7500 ლარი და 5750 აშშ დოლარი, ქეთევან გილაშვილს 7000 ლარი და 5000 აშშ დოლარი, ხოლო შვილს გიორგი აგულაშვილს 5000 აშშ დოლარი აქვს.

საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე გიგლა აგულაშვილის წლიურმა შემოსავალმა 12491.63 ლარი, ხოლო საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში ლექტორის ანაზღაურებამ 2109.60 ლარი შეადგინა. ლუკა და მათე აგულაშვილების სწავლის სანაცვლოდ გადახდილმა საერთო თანხამ 19 000 და 3 500 ლარი შეადგინა, ხოლო გიგლა აგულაშვილმა სწავლაში 5113.80 აშშ დოლარი დახარჯა. 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, გიგლა აგულაშვილის ავიაბილეთების გასავალმა 1046.10 აშშ დოლარი, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების გასავალმა 8000 ლარი, ხოლო პროდუქციის რეალიზაციის შემოსავალმა, 32000 ლარი შეადგინა.

2014 წლის 17 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიგლა აგულაშვილის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: თიბისი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 191.26 ლარი, ვიზა კლასიკზე 1160.67 აშშ დოლარი, ანაბარზე 0.33 დოლარი, ხოლო ბანკ ”ქართუში” ვიზა პლატინუმზე 7116.46 ლარი აქვს. მის მეუღლეს ქეთევან გილაშვილს თიბისი ბანკის ვიზა კლასიკზე 2.51 აშშ დოლარი აქვს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე აგულაშვილის წლიურმა შემოსავალმა 66373.71 ლარი შეადგინა. შვილების სწავლის სანაცვლოდ გადახდილმა თანხამ 22 500 ლარი შეადგინა, ხოლო საკუთარ განათლებაში გიგლა აგულაშვილმა 5113.80 აშშ დოლარი გადაიხადა.

2013 წლის დეკლარაციის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების გასავალმა 8000 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 25000 ლარი შეადგინა.

სალომე გოგოხია