საქართველოში ბრუნვის მიხედვით ტოპ-10 ბიზნესს შორის 6 აზარტული თამაშების კომპანიაა - ვის ეკუთვნის

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8 პროცენტით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსის" მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ბრუნვის მიხედვით 10 ყველაზე დიდი კომპანიიდან 6 აზარტული თამაშების კომპანიაა.

გთავაზობთ ბიზნეს სექტორის ტოპ-10 საწარმოს და მათ მფლობელებს 2022 წლის წლიური ბრუნვის მიხედვით:

  • შპს ჯორჯიან მანგანეზი -კომპანია სრულად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ-ის საკუთრებაა, რომელსაც საერთო კრება მართავს. თავმჯდომარე : გიორგი კაპანაძეა. წევრები კი, ალექსანდრე მელაძე და მარიამ ლაშხი.
  • შპს ჩემპიონები 111 (ევროპაბეთი) - წილის 100%-ს შვედეთში რეგისტრირებული Betsson Perch Investments AB-ს ფლობს.
  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი - აქ წილის100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ფლობს, რომელის წილის 75.5% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მფლობელობაშია. 16.3% არაბთა გაერთიანებულ საამიროშია რეგისტრირებულ EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს, 8.1%-ი კი, Intersun Holding FZCO-ს.
  • შპს ავიატორ - წილის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ატლას ჰოლდიგი“ ფლობს. რომლის სამეთვალყურეო საბჭოც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯერემი პიტერ ჯექსონია. თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ უგულავა. წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დანიელ მარკ ტეილორი და რობერტ ქოლდრეიკი. ასევე ივანე თარხნიშვილი. დირექტორი კი, აზერ მამმადოვი.
  • შპს ლიდერ-ბეთ სლოტი - 40% წილის მესაკუთრე ქართლოს დიასამიძეა, 30-30%-ს კი ბესიკ ხოკერაშვილი და აკაკი შუბითიძე ფლობენ.​
  • შპს ფულ ჰაუსი - წილის ყველაზე დიდ ნაწილს 35%-ს თემურ მიქელაძე ფლობს. 16.6%-ს „ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერი“ ფლობს, რომელიც ავსტრიაშია რეგისტრურებული. 16.6%-ს ფლობს ისრაელის მოქალაქე გიგი ლევაი-ვეისი. ასევე 16.6%-ს ფლობს ავსტრიელი მანფრედ ბოდნერი. 5% ეკუთვნის ავსტრიის მოქალაქე კლაუს გემალ რასმუსსენს. 2.5-2.5%-იან წილებს ფლობს 4 ადამიანი: გიორგი ბარნაბიშვილი, ბაკურ ხარჩილავა, ზურაბ ერქომაიშვილი, გურამ დოლიძე.
  • შპს ტოიოტა კავკასია - წილის 100% იაპონიაში რეგისტრირებული „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენის“ საკუთრებაა. კომპანიის პრეზიდენტი კი, ასევე იაპონიის მოქალაქე, კოჯი მათსუნოა.
  • შპს ბეთლაივი - წილის 40%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიტი ვენჩარი“ ფლობს. წილის 38%-ს სულიკო ვარსემაშვილი, 19%-ს დავით ველიჯანაშვილი, 3%-ს კი, თამაზ ხარაიძე.
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი) - კომპანია სრულად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Energy Investment Venture Holdings-ს ეკუთვნის, რომელიც აშშ-შია რეგისტრირებული.
  • შპს მარსი - წილის 100% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ენთეინ ჯორჯიას“ ეკუთვნის. მმართველი ორგანო კი პარტნიორთა კრებაა. დირექტორთა საბჭო თავმჯდომარე გერმანიის მოქალაქე სტეფან იულიუს ჰეილმანია. წევრები, კობა გიგლემიანი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ობდულიო ბაკარეზე და რობერტ გრანტ ჰოსკინი.

აღსანიშნავია, რომ სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

თამარ მუკბანიანი