რუსეთმა დიზელის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა - ფასები მცირდება

შეზღუდვის დაწესებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთი დიზელის ექსპორტს აგრძელებს და შიდა ბაზარზე მიწოდების უზრუნველსაყოფად განსხვავებულ ნაბიჯებს მიმართავს.

მთავრობის განცხადებით, მილსადენებში დიზელის ექსპორტი განახლდება, რაც ერთგვარი შვებაა იმპორტიორებისთვის, რომლებიც დიზელის ტიპის საწვავის უმსხვილესი ექსპორტიორის, რუსეთის რესურსებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი.

მოსკოვმა ექსპორტზე შეზღუდვა შიდა ბაზარზე ფასების ზრდის შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხეს წარმოადგენს კრემლისთვის არჩევნების წინ. ახლაც, დიზელის ქვეყნის გარეთ გატანამდე მწარმოებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ მიწოდების 50% ქვეყნის შიდა ბაზარზე რჩება.

კვირების წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მსოფლიოში ფასები გაზარდა, რადგანაც რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდებაც შეამცირეს.

დიზელის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ კი ამ საწვავის ფასები 3%-ით შემცირდა ევროპაში.

კახი ჩაკვეტაძე