ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150 მილიონიან გრანტს გამოუყოფს

ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150 მილიონიან გრანტს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებითი შედეგები უკვე შეინიშნება ექსპორტის კუთხით. კერძოდ, ექსპორტი ევროკავშირში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.

"ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა და ბიზნეს-საზოგადოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები იმისთვის, რომ მათ უფრო კარგად უპასუხონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნას. ჩვენ საქართველოს უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ",- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ჰანმა ასევე ისაუბრა "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელსაც ევროკომისარმა დადებითი უწოდა. ამასთან, პრესკონფერენციამდე მარგველაშვილსა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრა გამართა. მხარეებმა მომავალი რიგის სამიტის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორცილების საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. იგი დღეს ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს და საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა. ამას გარდა, დღეს მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება. ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ბელგიის მეფე ფილიპთან გამართავს შეხვედრას.