"აფბა" მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ლარის გამყარების მექანიზმებს არ იყენებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა" მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ლარის გამყარების მექანიზმებს არ იყენებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "აფბას" ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა შეაფასა. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს, გარდა სავალუტო ინტერვენციებისა, კიდევ მინიმუმ 5 ბერკეტი გააჩნია, რითაც მონეტარულ პოლიტიკაზე და ლარის კურსზე ზემოქმედებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიმართ კრიტიკა ლარის დევალვაციის საწყის ეტაპზევე გაჩნდა. ექსპერტები და ანალიტიკოსები სებ-ს ძირითადად დოლარის დაგვიანებით და არასაკმარისი მოცულობით გაყიდვას უწუნებდნენ. ეროვნული ბანკიც მხოლოდ ამ კრიტიკას პასუხობდა და საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ,,იმოწმებდა".

,,ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი, პირდაპირ თუ ირიბად, აისახება ლარის კურსზე. ამდენად, ახალგაზრდა ფინანსისტებმა განვიხილეთ ეროვნული ბანკის სხვა ნაბიჯებიც, გარდა სავალუტო ინტერვენციებისა და გავაკეთეთ შეფასება, იყო თუ არა შესაძლებელი ლარის ,,დაჭერა" სებ-ის მხრიდან, სხვა ნაბიჯების გადადგმით", - განაცხადა კაპანაძემ.

"აფბას" ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაციამ ეროვნული ბანკის შესაძლებლობები და ლარის დევალვაციის კვალდაკვალ მისი რეალური ქცევები განიხილა.

კაპანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ 5 მნიშვნელოვან ბერკეტზე, რის საფუძველზეც ეროვნულ ბანკს ლარის კურსის სტაბილურობაზე უნდა ემოქმედა. მისი თქმით, 2013 წელს რეფინანსირების სესხების ნაშთი 36 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 400 მილიონი ლარი შეადგინა (წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარსაც კი ჩამოსცდა). 2014 წელს ნაშთი 400-დან 712 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი, სავალუტო კრიზისის ფონზე, მილიარდ ლარს გადასცდა.

"სადეპოზიტო სერტიფიკატები არის ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც, მარტივად რომ ვთქვათ, კომერციულ ბანკებს ართმევს ან აძლევს ფულს. აფბას შეფასებით, ამ მხრივაც, ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის პოლიტიკა ფულის მიწოდებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, 2013 წლის პირველ ნახევრამდე, სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა მუდმივად იზრდებოდა, ანუ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისგან სესხულობდა ლარს, პიკი 2013 წლის მეორე კვარტლის ბოლოს დაფიქსირდა - 850 მილიონი ლარი. იმ დროიდან მოყოლებული სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა მუდმივად მცირდება და 7 მაისის მდგომარეობით, 415 მილიონ ლარს შეადგენს, ანუ პრაქტიკულად, განახევრებულია. სებ-ი კომერციულ ბანკებს უბრუნებს სესხებს, ანუ აწვდის ლარს და ეს ისევ და ისევ სავალუტო კრიზისის პირობებში. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ვალი არ უნდა დაუბრუნოს. აქ იგულისხმება, რომ უფრო მოქნილი სასერტიფიკატო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ორივე ზემოთხსენებული ინსტრუმენტი შეგვიძლია გავაერთიანოთ, როგორც ეროვნული ბანკის სესხები კომერციულ ბანკებზე და თუ 2013 წლის ივნისისთვის ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკების მიმართ 690 მილიონი ლარი ჰქონდა ვალი, დღეს კომერციულ ბანკებს აქვთ ეროვნული ბანკის მიმართ დავალიანება 615 მილიონი, ანუ სავალო ინსტრუმენტების გამოყენებით სებ-მა კომერციულ ბანკებს 1,3 მილიარდი ლარი მიაწოდა და ფულის მიწოდების განსაკუთრებულად ზრდა ფიქსირდება სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა ხდებოდა", - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, ზემოთხსენებული ინსტრუმენტების გარდა, ეროვნულ ბანკს სხვა მექანიზმებითაც შეუძლია ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა ამას ჯერჯერობით არ აკეთებს. მას გაცვლით კურსზე დადებითი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს, როგორც გამკაცრების, ისე შერბილების პოლიტიკით. ,,ბანკები ყოველი მოზიდული 100 დოლარიდან 15-ს არეზერვებენ ეროვნულ ბანკში. ლარის შემთხვევაში კი 100-დან 10 ლარს. ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა დაწიოს და გამოათავისუფლოს "გამოკეტილი" დოლარი, ან გაზარდოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა ლარისთვის, ანუ "გამოკეტოს" უფრო მეტი ლარი. ორივე ეს ნაბიჯი დადებით ასახვას ჰპოვებს ლარის გაცვლით კურსზე", - განაცხადა აფბას ვიცე-პრეზიდენტმა.

"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რითაც ეროვნული ბანკი ზეგავლენას ახდენს ფულის ფასზე, მას შეუძლია გააძვიროს ან/და გააიაფოს ლარი საპროცენტო განაკვეთის აწევა/დაწევით. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააანონსა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რამდენიმე ბიჯით 4%-დან 5%-მდე გაზარდა, თუმცა კომპლექსურად თუ შევაფასებთ, რეალურად სახეზეა არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, არამედ რბილი პოლიტიკის შენარჩუნება. ინფლაციის მაჩვენებელი გეგმურზე 2-ჯერ ნაკლებია, წლის ბოლომდე სავალუტო ფონდი ინფლაციის 3%-მდე გაზრდას პროგნოზირებს, ანუ ინფლაციის დონე საკმაოდ დაბალია, რის გამოც, ეროვნული ბანკი იმ მიზნის მიღწევას ცდილობს, რომლის შესახებაც არაერთხელ განაცხადა - ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა. დაბალია ინფლაცია და შესაბამისად, რბილია მონეტარული პოლიტიკაც, რბილი მონეტარული პოლიტიკა კი, იაფ ლარს ნიშნავს. ეს კავშირი ნათლად ჩანს ბოლო 7 წლის სტატისტიკაშიც, მონეტარული პოლიტიკის შერბილებას თან ახლდა ლარის დევალვაცია, ხოლო მის გამკაცრებას, ლარის გამყარება", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, რბილ მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის და ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების და ეკონომიკის სტიმულირების მოტივით ხსნის.  "თითქოს ქვეყანაში დოლარიზაციის დონე დაბალი იყოს, ხოლო ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზიანი უმნიშვნელო. რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციით სტიმულირდება ადგილობრივი წარმოება, მაგრამ თუნდაც იგივე ადგილობრივი მწარმოებლები გაცილებით მეტად ზარალდებიან იმით, რომ სესხი დოლარში აქვთ და მისი მომსახურება მკვეთრად დაუმძიმდათ", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით, ეროვნულ ბანკს გააჩნია ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლია ლარის გამყარება, მაგრამ ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ნეგატიურად არ იმოქმედოს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა "აფბას" შეფასებით, დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია ლარის გამყარება, ვიდრე აქცენტის დასმა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გაკეთდეს ორ ნეგატიურს შორის ნაკლებად ნეგატიურ პერსპექტივაზე. კითხვაზე - ამ ფონზე, რამდენად რეალურია, რომ ლარის დევალვაცია შეჩერდეს, კაპანაძის განცხადებით, ამ მიმართულებით ოპტიმიზმის საფუძველი საკმარისად არსებობს.

"ახალგაზრდა ფინანსისტების" შეფასებით, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების შეჩერებაზე მსჯელობაა უფრო რეალური, ვიდრე მის გამყარებაზე, ვინაიდან თუ პროცესში არც ეროვნული ბანკი ჩაერია და არც მთავრობა, პროცესები თავად დალაგდება ისე, რომ ლარის გაუფასურება გაჩერდეს. "აფბას" ვიცე-პრეზიდენტმა ამ მხრივ მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტორი გამოყო - 1) იმპორტის კლების ტემპის შეჩერება; 2) ვიზიტორების კლების ტემპის შეჩერება (აპრილში დაფიქსირდა მცირეოდენი ზრდაც); 3) სტაბილიზაციის ნიშნები ფულადი გზავნილების კუთხით; 4) დოლარის შესუსტება საერთაშორისო ბაზარზე; 5) ნავთობის ფასების გარკვეული მოცულობით მატება. ,,ამდენად, თუ გასული წლის ბოლოს კლება იყო დოლარის შემოდინების მიმართულებით, ხოლო გადინება იზრდებოდა, ამჯერად, ვალუტის გადინება მცირდება, ხოლო შემომავალი ნაკადი შემცირებას აღარ განაგრძობს", - განაცხადა კაპანაძემ.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით, ეროვნულ ბანკს შეუძლია ზემოქმედება ლარის გაცვლით კურსზე, მაგრამ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს. ის რეალურად არ ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და თუ, ერთი მხრივ, ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ყველა სხვა მექანიზმით ინარჩუნებს და აღრმავებს რბილ პოლიტიკას და ბანკებს აწვდის ფულს.

"აფბას" წარმომადგენლის განცხადებით, თუ ლარის გასამყარებლად ნაბიჯები არ გადაიდგა, ეკონომიკური პროცესები დაბალანსდება იმგვარად, რომ ლარის შემდგომი გაუფასურება აღარ გაგრძელდეს.