2023 წლის აგვისტოში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 143 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 123,4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. შარშან აგვისტოში მისო-ების მიმართ 64 საპრეტენზიო განაცხადი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში პრეტენზიები მხოლოდ სამომხმარებლო სესხებზე (112 განაცხადი), მომენტალურ განვადებაზე (7განაცხადი), სალომბარდე სესხებსა (6 განაცხადი) და ავტოსესხებზე (3 განაცხადი) დაფიქსირდა.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში შესული საჩივრებიდან 94 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 39 განაცხადი; ხოლო თითო განაცხადი შევიდა: რეკლამა, გაყიდვები, რჩევების, ასევე, საპროცენტო შენატანების, მომხმარელბელთა შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემისა და სხვა გადასახდელების მიმართულებით.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს აგვისტოში 143 საჩივრიდან 31 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 77 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 35 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.