რა უჯდება საქართველოს კომბოსტოს იმპორტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თითქმის 60%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა.

კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშშ დოლარი).

თუმცა, თუ თვიურ ჭრილში შევადარებთ, წელს აგვისტოში კომბოსტოს იმპორტმა 125,6 ტონა (24.1 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში, პროდუქტი ძალიან მცირე რაოდენობით - 0.19 ტონა (490 ლარი) შემოვიდა.

ამავე საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ადგილობრივი წარმოების კომბოსტოს ექსპორტი. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 618.9 ტონა (358.5 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში 517.2 ტონა (249.8 ათასი აშშ დოლარი). თვიურ ჭრილში, კი 2023 წლის აგვისტოში 4.44 ტონა (3.4 ათასი აშშ დოლარი) კომბოსტოს ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის აგვისტოში კი საერთოდ არ გასულა.

რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს საქართველოს ერთი კგ კომბოსტოს იმპორტი საშუალოდ 11 ცენტი უჯდებოდა, წინა წელს 9 ცენტი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც წელს იანვარ-აგვისტოში კომბოსტოს იმპორტი განხორციელდა:

  • თურქეთი - 2 824 ტონა (305.9 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 109 ტონა (21.8 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 65.5 ტონა (11.9 ათასი აშშ დოლარი)
  • ირანი - 41.5 ტონა (5.3 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 1.79 ტონა (4.7 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება ექსპორტს, ადგილობრივი წარმოებს პროდუქტი წელს მხოლოდ სამ ქვეყანაში: სომხეთში - 408.9 ტონა (239.5 ათასი აშშ დოლარი), რუსეთსა - 165 ტონა (100.9 ათასი აშშ დოლარი) და უკრაინაში - 45 ტონა (18 ათასი აშშ დოლარი) გავიდა.

ნინი ქეთელაური