ისრაელის ცენტრალური ბანკი შეკელის კურსის სტაბილიზაციისთვის 30 მლრდ დოლარის რეზერვებს გაყიდის

ისრაელის ცენტრალური ბანკი შეკელის კურსის სტაბილიზაციისთვის 30 მლრდ დოლარის უცხოურ რეზერვებს გაყიდის, მათ შორის, ოქროს და ვალუტას. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

რეზერვების გაყიდვის გარდა, ისრაელის ცენტრალური ბანკი ბაზრის ლიკვიდურობას SWAP მექანიზმების მეშვეობით 15 მლრდ დოლარით უზრუნველყოფს.

„ისრაელის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, უყურებს ყველა ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შეკელის კურსი აშშ დოლართან მიმართებით ორშაბათს დილის ვაჭრობისას 1,3%-ით დაეცა და 1 დოლარზე 3,91 შეკელი შეადგინა. პარასკევს ერთი დოლარი 3.86 შეკელად ივაჭრებოდა.

შეგახსენებთ, შაბათს ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა განახორციელა, როგორც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით, ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობა კი 2 200-ს აღემატება. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 კი - დაიჭრა.