ისრაელის საფონდო ინდექსები დაეცა - რა ვითარებაა ბაზარზე

ისრაელის ორი ძირითადი საფონდო ინდექსი, პალესტინურ მოძრაობა ჰამასთან შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, 6%-ზე მეტად დაეცა. ვაჭრობის მონაცემებით, TA35-ინდექსი 6.47%-ით, ხოლო TA125-ინდექსი 6.69%-ით დაეცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საბანკო სექტორის აქციები 9%-ით დაეცა, ხოლო ისრაელის ვალუტა, შეკელი ერთი წლის მინიმუმზეა.

Leader Capital Markets-ის მთავარი ეკონომისტი, ჯონათან კაცი Reuters-სთან პროგნოზირებს, რომ დღეიდან, 9 ოქტომბრიდან შეკელი მკვეთრად შესუსტდება.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის ფინანსთა მინისტრ ბეცაცელ სმოტრიჩმა თავისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს დაავალა, სწრაფად უზრუნველყონ საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც საბრძოლო ოპერაციებისთვის არის აუცილებელი.

ისრაელის ცენტრალური ბანკი კონფლიქტის ესკალაციის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზიანის შეფასებას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს. თუმცა მარეგულირებელმა Reuters-ს განუცხადა, რომ 2014 წელს 50-დღიანმა ბრძოლამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,3%-ით შეამცირა.

8 ოქტომბერს ისრაელის ბიზნესის დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. კერძოდ, კომპანიებმა თანამშრომლებს დასვენების დღეები დაუმატეს. მუშაობდნენ მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები და გარკვეული საწარმოები. ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ეს საწარმოები საკვებისა და სხვა აუცილებელი პროდუქტების დეფიციტის რისკის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

Spartan Capital Securities-ის მთავარმა საბაზრო ეკონომისტმა, პიტერ კარდილომ Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენები და ზოგადად, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, „უსაფრთხო“ აქტივებზე, უპირველეს ყოვლისა, ოქროსა და დოლარზე, პოტენციურად კი აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე ინვესტორების მოთხოვნილების ზრდას გამოიწვევს.

„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ოქრო თავიანთ პორტფელებში, რაც იდეალური ჰეჯია საერთაშორისო შოკების მიმართ. ამასთან, საერთაშორისო ურთიერთობების ყოველ გაუარესებაზე დოლარი მყარდება,“ - აცხადებს კარდილო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ