საუდის არაბეთი აშშ-ის მოთხოვნაზე დათანხმდა და 2024 წლის დასაწყისში იმ პირობით გაზრდის ნავთობმოპოვებას, თუ მსოფლიო ფასები მაღალი იქნება. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) საუდის არაბეთისა და ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები ამჟამად განიხილავენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთი ისრაელის სახელმწიფოს აღიარებს და სანაცვლოდ ამერიკულ იარაღსა და უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ამასთან, შეთანხმება შესაძლოა, მოიცავდეს აშშ-ის დახმარებას საუდის არაბეთის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განვითარებაში. თუმცა ამაზე თეთრ სახლს კონგრესისგან თანხმობის მიღება, საწვავის ამჟამინდელი მაღალი ფასების ფონზე, გაუჭირდება, ამიტომ ამერიკელები საუდის არაბეთს ეუბნებიან, რომ ვაშინგტონს ნავთობწარმობისა და ბაზარზე ნედლეულის მიწოდების ზრდა სჭირდება.
WSJ-ის წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წარმოების ზრდის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ბაზრის პირობები მოახდენს გავლენას და ამჟამიდელი დისკუსიები ფასების შემცირების გრძელვადიან შეთანხმებას არ ნიშნავს.
საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. WSJ-ის შეფასებით, წარმოების ზრდის ნებისმიერ მცდელობაში ოფიციალურ ერ-რიადს, OPEC+-ის ფარგლებში, რუსეთი შეუშლის ხელს.
Bloomberg-ის ბოლო პროგნოზით, ნავთობის გლობალურ ბაზარს მიწოდების პრობლემა წლის მეოთხე კვარტალში შეექმნება და საუდის არაბეთის მიერ წარმოების შემცირების გამო დეფიციტი დღეში, დაახლოებით, 3,3 მილიონი ბარელს შეადგენს.
აგვისტოში სამეფოდან ნავთობის ექსპორტი 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ