სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა 64.8 მილიონი დოლარი გაყიდა  - Galt&Taggart

სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა 3 აუქციონი გამართა და 64.8 მლნ დოლარი გაყიდა - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში წერია.

„სექტემბერში სებ-მა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 64.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით“, - აცხადებენ Galt&Taggart-ში.

რაც შეეხება მიმდინარე თვეს, მარეგულირებელმა 1 ინტერვენცია ოქტომბერშიც განახორციელა. კერძოდ, 6 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 50 000 000 დოლარი გაიტანა, საიდანაც 44 900 000 დოლარი გაიყიდა.

Galt&Taggart-ის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნული ბანკი 1.24 მლრდ დოლარის წმინდა მყიდველია.

კვირის მიმოხილვის მიხედვით, რომელიც სებ-ის მონაცემებს ეყრდნობა, სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3%-ით შემცირდა (-163.6 მლნ აშშ დოლარი)“, - აღნიშნულია კვირის მიმოხილვაში.

თამარ მუკბანიანი