ფინანსთა მინისტრის მოადგილე - თუ სამხედრო ბიუჯეტი გვექნება, არც პენსიის ზრდაზე უნდა ვსაუბრობდეთ და განათლებასაც თავი უნდა დავანებოთ

სამხედრო ბიუჯეტი თუ გვექნება, აბსოლუტურად სხვანაირად გადალაგებული ბიუჯეტი უნდა გვქონდეს - არც პენსიის ზრდაზე უნდა ვსაუბრობდეთ და განათლებასაც თავი უნდა დავანებოთ - დღეს მილიარდიანი შესყიდვა რომ გაკეთდეს და ვინმემ იარაღი მოგაწოდოს, აბსურდია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ფრაქციის წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სამხედრო უნდა იყოს.

ასევე, დეპუტატის კითხვაზე, რაზე დაყრდნობით განისაზღვრა თავდაცვის მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტად 230 მლნ ლარი, კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეს რიცხვი საბოლოო არაა და თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე კვლავ მუშაობს.

„თქვენ ახსენეთ, რომ თბილისის დასაცავად 7 ერთეული გვჭირდებაო და ეს არის დაახლოებით 600 მლნ დოლარის საკითხი. ასევე ახსენეთ, ომის წინ ვიმყოფებით და ეს უნდა იყოს სამხედრო ბიუჯეტიო. ერთი ნაწილი მეუბნება, რა უნდა გაკეთდეს დამატებით, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს. თუ სამხედრო ბიუჯეტზე მივდივართ, არც პენსიის ზრდაზე უნდა ვსაუბრობდეთ, განათლებასაც თავი უნდა დავანებოთ. თუ ომისთვის ვემზადებით და ომი უნდა იყოს ჩვენი ბიუჯეტის მთავარი თემა, ამ შემთხვევაში სხვა ბიუჯეტი უნდა გვქონდეს. 230 მილიონი არაა საბოლოო რიცხვი. თავდაცვის სამინისტრო მუშაობს კონკრეტული შესყიდვების მიმართულებით. ალბათ, წლის ბოლომდე გვეცოდინება კონკრეტული მოცულობა, რისი შესყიდვის შესაძლებლობა იქნება. რა თანხაც საჭირო იქნება ამ შესყიდვების ფარგლებში, დამატება მოხდება, სხვა რაღაცებზე მოკლებაც რომ დაგვჭირდეს, მოხდება მოკლება და თავდაცვაზე დამატება, მაგრამ ის, რომ წავიდეთ და ხვალ 600 მლნ დოლარის შეიარაღება ვიყიდოთ, ეს შეუძლებელია. ვერავისგან იყიდი ამხელა მოცულობის შეიარაღებას თუნდაც ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კაკურიძეს დევი ჭანკოტაძემ განუმარტა, თუ რა იგულისხმა საკუთარ კითხვაში და განაცხადა, რომ თავად ომი არ უნდა და კითხვა მხოლოდ იმას შეეხებოდა, რომ ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის მიმართულებით შესყიდვებისთვისაა განსაზღვრული, საკმარისი არაა.

„ბატონო გიორგი, ომი არ მინდა. „ომი გინდათ?“- არ მინდა ომი. თქვენი ნარატივი ასეთი - ომი გინდათ? - ასე არ გამოგივათ. ყველაზე მეტად ვისაც მშვიდობა უნდა, ეს არის სამხედრო, რადგან სამხედრომ იცის მშვიდობის ფასი. დამიჯერეთ, ჩემზე ძალიან მშვიდობა არავის უნდა. ბიუჯეტს არასწორად ანაწილებთ. როცა ხედავ, რომ გარშემო ასეთი სიტუაციაა, უნდა გააძლიერო თავდაცვის სისტემა. ბიუჯეტში უნდა ჩადო უფრო მეტი ფული. ამაზეა საუბარი, სხვა არაფერზე. სიტყვები, ომი გინდათ, ამოიღეთ ლექსიკონიდან. როცა ძლიერი ჯარი გყავს, მოწინააღმდეგე ათჯერ დაფიქრდება, შეუტიოს თუ არა მეზობელ ქვეყანას. მაგრამ იმაზე, რომ საფრთხე ყველა მხრიდან დიდია, მგონი, ყველა მეთანხმებით. ცუდ რეგიონში ვართ, ასე მოხდა. ჩემი კითხვაც იყო იმაზე, რომ ბიუჯეტი, რომელიც შესყიდვებისთვისაა განსაზღვრული, საკმარისი არაა. ათჯერ მეტი უნდა იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ გიორგი კაკაურიძეს მიმართა და განაცხადა, რომ როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, საქართველო ომში იქნება გაბმული. მისივე თქმით, სიტუაცია ძალიან მძიმეა და ქვეყანა ომის წინ დგას. ამასთან, ჭანკოტაძე დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით განისაზღვრა თავდაცვის ბიუჯეტად 230 მლნ ლარი და განაცხადა, რომ ეს საკმარისი არაა.