„ტერორისტები შეიჭრნენ სახლებში და ლოცვის დროს დახოცეს ხალხი“ – მენი ბენიში ისრაელში მიმდინარე პროცესებზე

მსხვერპლის რაოდენობა უკვე 750-მდე გაიზარდა, საიდანაც ჯარისკაცები მხოლოდ 10% თუ იქნება, დანარჩენი 650-700 მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ამის შესახებ საქართველოს საპატიო კონსულმა ისრაელში მენი ბენიშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, უკვე თელავივშიც ისმის განგაშის ხმა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მენი ბენიშის ინფორმაციით, "ჰამასის" მიერ გატაცებულია ისრაელის 180-მდე მოქალაქე.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ისრაელზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თავდასხმა, ასევე სარაკეტო გასროლები შაბათს განახორციელა. საპასუხოდ კი, ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა.

„ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია დაახლოებით 750 მსხვერპლი, რომელთა უმეტესობა ჩვეულებრივი მოსახლეობაა. შეიძლება აქედან 10% იყოს ჯარისკაცი, დანარჩენი 650-700 ადამიანში ბავშვები, მოხუცები, ქალები, კაცები არიან, რომლებიც დახოცეს თავიან სახლებში. ტერორისტები შეიჭრნენ სახლებში და ლოცვის დროს დახოცეს ხალხი. წარმოიდგინეთ, რა ამბავია, რა დაძაბულობაა ჩვენთან.

გატაცებულია დაახლოებით 180 ადამიანი, რომლებიც საკუთარი სახლებიდან მოიტაცეს და წაიყვანეს ღაზაში, რომელიც ოფიციალურად არც ქვეყანა და არც ავტონომია. იქ თავიანთი მართვა აქვს „ჰამასს“, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და მართავს ვითომ ქვეყანას. 1000 ტერორისტი შემოეჭრა ისრაელს, შაბათს დასვენების დღე იყო, გადაჭრეს ღობე და დაიწყეს ხალხის დახოცვა საკუთარ სახლებში“,- განაცხადა მენი ბენიშმა.

ნინი ქეთელაური