სახელმწიფო საწარმოები,  რომლებიც ბიუჯეტიდან დახმარებას მუდმივად საჭიროებენ

გასული წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო საწარმოებმა 2022 წელი 2021 წლის მსგავსად მოგებით დაასრულეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოები 2022 წელს ისტორიულ მოგებაზე გავიდნენ. მოგების 86%-ზე მეტი მოდის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებულ მოგებაზე. სწორედ იგივე ფაქტორით იყო განპირობებული 2021 წლის მოგებაც, შესაბამისად, რომ არა კურსთაშორისი სხვაობა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები 2021-2022 წლებშიც ზარალზე გავიდოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ზარალზე გადიოდნენ. მაგალითად, 2020 წელს მათი ზარალი 756 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს - 53 მილიონი, 2018 წელს კი 710 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 310 სახელმწიფო საწარმოდან, 152 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 158 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია. აღსანიშნავია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არიან კომპანიები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამოკიდებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე.

ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი ასეთი საწარმოებია: შპს „საქართველოს მელიორაცია“, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

აღსანიშნავია, რომ ამ 5 კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების თანახმად, მხოლოდ 2 საწარმო გავიდა გასულ წელს მოგებაზე. ესენია: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“. დანარჩენი 3 კომპანია კი წამგებიანი აღმოჩნდა და გასული წელი ზარალით დაასრულა.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ასევე მუდმივად საჭიროებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხარდაჭერას - მუნიციპალიტეტების მთავრობების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის საწარმოები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის, კომუნალური სერვისების, მშენებლობის და სხვა სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის მფლობელობაში არსებული საწარმოებიდან, 2021-2023 წლებში (2023 წლის მხოლოდ 8 თვის მონაცემია სტატისტიკაში) დედაქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდია ყველაზე დიდი ოდენობით - 510 მლნ ლარზე მეტი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მიიღო. ამ მაჩვენებლით მას მოსდევს „თბილსერვის ჯგუფი“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სუბსიდიის სახით 249 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

ცნობისთვის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ძირითადი საქმიანობაა - თბილისის მასშტაბით, ავტობუსით, მეტრო და საბაგირე ტრანსპორტით მომსახურება და დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების მოწყობა.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ დედაქალაქის მერიის მფლობელობაში არსებული საწარმო 2006 წელს დაფუძნდა, თუმცა შემდეგ კიდევ რამდენიმე საწარმო მიიერთა, მათ შორის: შპს „სინათლის ქალაქი“, შპს „თბილისის პარკები“, შპს „უძრავი ქონება-თბილისი“ და ა.შ.

თაია არდოტელი