გიორგი ვაშაძე გიორგი კაკაურიძეს - სომხეთში უფრო იაფია ინტერნეტი, ვიდრე აქ, არადა, სომხეთი ინტერნეტს იღებს საქართველოს გავლით

ყველაზე დიდი უსამართლობა რა არის იცით? სომხეთში უფრო იაფია ინტერნეტი, ვიდრე აქ. იცით ეს ამბავი? სომხეთი ინტერნეტს იღებს საქართველოს გავლით, სხვა წყარო არ აქვს, დაახლოებით სამჯერ იაფია კერძო სექტორისთვის ინტერნეტი სომხეთში, მაინტერესებს რა ხდება? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას წარადგენს.

მისივე თქმით, ყველა სფეროს ინტერნეტი სჭირდება, რომელიც მოქალაქეებამდე არ მიდის.

„ფული იხარჯება ინტერნეტიზაციაში. თქვენ ბოლოს დასავლეთ საქართველოს სოფლებში როდის იყავით? მაგალითად საჩხერე- ჭიათურის რაიონში? თქვენი მამა- მარჩენალი საჩხერიდან არის. სამეგრელოს სოფლებში? იქ ინტერნეტი არ იჭერს, 4G -იც არ იჭერს. თუ სწრაფი ინტერნეტის დაფარვა არ გვაქვს, მაშინ არ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ყველაზე დიდი უსამართლობა რა არის იცით? სომხეთში უფრო იაფია ინტერნეტი, ვიდრე აქ. იცით ეს ამბავი? სომხეთი ინტერნეტს იღებს საქართველოს გავლით, სხვა წყარო არ აქვს, დაახლოებით სამჯერ იაფია კერძო სექტორისთვის ინტერნეტი სომხეთში, მაინტერესებს რა ხდება? 3000 ლარი არის ინტერნეტის ფასი კერძო კომპანიებისთვის, სომხეთში არის 300-400 ლარი, 100მბ/ წმ- ზე გელაპარაკებით, იგივენაირად იაფია მობილური ინტერნეტიც. რა ხდება? ეს მონოპოლიები რომ ჩამოყალიბდა, ვინმე ხომ უნდა დაინტერესდეს? ეს სწრაფი ინტერნეტი რატომ არ მიდის ოჯახებში? სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მეწარმეობის განვითარებას, ყველაფერს სჭირდება ინტერნეტი, განათლებას, ცოდნას, ბავშვმა სკოლაში განათლება რომ მიიღოს, ინტერნეტია საჭირო. ხომ არ არის დიდ უსამართლობასთან საქმე? ხომ არ არის ამ კომპანიებთან შეკრული და გარიგებული ხელისუფლება და დიდ ფულს იღებს? როგორ შეიძლება კომპანიას ინტერნეტი უფრო ძვირი უჯდებოდეს, ვიდრე ოფისის ქირა? რა რეალობაში ვცხოვრობთ? სად არის ეს ინტერნეტი? ჩემს სოფელში რატომ არ მოვიდა? თქვენს სოფელში რატომ არ მოვიდა? ანუ თქვენ გაგყავთ კაბელი, მონოპოლიური კომპანია იღებს იაფად ინტერნეტს და ყიდის 10- მაგ ფასად, მოგებული ვინ დარჩა? ისევ „მაგთი“, „ჯეოსელი“, „სილქნეტი“ და ა.შ. ხომ შეიძლება სისტემურად დაინტერესდეს? ეს ფული სამართლიანად მაინც დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ბევრმა მითხრა, ინტერნეტზე ლაპარაკობთ, არადა სოფლებში წყალი და გაზი არ არისო. ჩარტერის გადაწყვეტილება სწრაფად სრულდება, ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილება წამებში ხდება ფარცხალაძეზე, იცვლება კანონი, როცა სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოსთხოვა უცხოური IT კომპანიების მსგავსად, ბეგარისაგან ქართული IT კომპანიებიც გათავისუფლდეს.

„სპეციალური რეგულაცია, რომ თქვენ საშემოსავლოს შეღავათს უკეთებთ საერთაშორისო - ტექნოლოგიურ IT კომპანიებს. ისინი არ იბეგრებიან, მაგრამ ქართული IT კომპანიები იბეგრებიან. წლების შემდეგ მოხდა შემდეგი რამ - ქართულ კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებს საერთაშორისო კომპანიამ უთხრა - თქვენ რა საქმესაც აკეთებთ, მყისიერად გადაგიხდი 20%- ს, ქართული კომპანიები იცლება ამ კვალიფიციური მუშახელისგან, გადადიან საერთაშორისო კომპანიებში. ქართული IT კომპანიები საქართველოს ბაზარს ემსახურებოდნენ, მაგრამ თუ თანამშრომლები არ ეყოლება, ვეღარ შექმნის პროდუქტს. ვინ ჩაანაცვლებს მას? რა დააშავეს ქართულმა კომპანიებმა, ეს ხომ კაპიკებია ამ ბიუჯეტისთვის? ეს უსამართლობაა, მაშინ თქვით, რომ მთლიანად ვათავისუფლებთ ტექნოლოგიურ სფეროს, მაშინ ქართული კომპანიებიც დაიბრუნებენ თანამშრომლებს და თანაბარ პირობებში იქნებიან უცხოურ კომპანიებთან. გაათანაბრეთ ეს ორი ჯგუფი!“- განაცხადა ვაშაძემ.