კოოპერატივების შესახებ კანონი  ძირეულად იცვლება

კოოპერატივები მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, სწორედ ამიტომ, მათი შექმნის იდეას ჩვენი საზოგადოება იმედით შეხვდა. 2013 წლის ივლისში პარლამენტმა "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების" შესახებ კანონი 96 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო და საქართველოში კოოპერატივების ჩამოყალიბება დაიწყეს. ახლა კი, ამ კანონში სერიოზული ცვლილებები შედის: კოოპერატივის ასოცირებული წევრობის უფლება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამასთან ერთად, კანონში ჩნდება ახალი ცნებები - "ასოცირებული წევრი" და "საპაიო შენატანი".

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მიიჩნევს, რომ არსებულ კანონში კორექტივების შეტანა აუცილებელია: "კოოპერატივების შესახებ კანონმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, ამის დასტურია ის, რომ საქართველოში უკვე 865 კოოპერატივია დარეგისტრირებული, ახლა უკვე დღის წესრიგშია საკითხი, რომ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რაც შექმნილი რეალობითაა ნაკარნახევი. ამ ცვლილებებით კანონში შედის "ასოცირებული წევრის" ცნება, ასევე ჩნდება დამატებითი საპაიო შენატანის ცნებაც. ასოცირებული წევრის ინსტიტუტი იძლევა შესაძლებლობას, რომ კოოპერატივში გაერთიანდეს ისეთი პირი, რომელიც არ იქნება მეპაიე, მაგრამ ფაქტობრივად ინვესტორის ფუნქციას შეასრულებს. თანაც, მეპაიაესაც ეძლევა საშუალება კოოპერატივში დამატებითი თანხა შეიტანოს, რითაც ის დამატებით შემოსავალს მიიღებს. გარდა ამისა, ჩვენ ვზრდით კოოპერატივის მეპაიეთა მინიმალურ რაოდენობას: მაღალმთიან რეგიონებში მათი რიცხვი 5 უნდა იყოს, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 11. არიან ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მეპაიეთა რაოდენობის გაზრდა ცოტა ნაადრევია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ისე გვაქვს გათვლილი, რომ უკვე ჩამოყალიბებულ კოოპერატივებს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი სააგენტო კოოპერატივების ხელშესაწყობად არის შექმნილი, ამიტომ, მას მიეცემა უფლება, რომ კოოპერატივებს გრანტი გამოუყოს. კანონით განსაზღვრული იქნება დივიდენდების გაცემის რიგითობაც, ანუ ვინ როგორი რიგითობით მიიღებს დივიდენდებს.

კანონი მოქმედი ორგანოა, რომელიც თანდათან იხვეწება და არსებულ რეალობას ერგება, ამიტომ ეს ცვლილებები გასაკვირი სულაც არ არის. აღნიშნული ცვლილებები უკვე მოვამზადეთ და გადავუგზავნეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტს მთავრობა და პარლამენტი განიხილავს. გვინდა საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ და იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი სულ მალე კანონად იქცევა",- განაცხადა გიორგი მიშელაძემ bpn.ge-სთან საუბრისას.

ზაზა საბანაძე უკვე 13 წელია კოოპერატივების განვითარების აქტიური მომხრეა. მას მიაჩნია, რომ კოოპერატივების შექმნა უმოკლესი გზაა ჩვენი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად

: "მთელ მსოფლიოში ასეა: კოოპერატივები ქმნიან თითქმის ყველა ქვეყნის დოვლათს. მაგალითად, რუსეთს 50 ათასი კოოპერაციული მაღაზია და საწარმო აქვს, უკრაინას ომამდე 17 ათასი კოოპერაციული მაღაზია ჰქონდა. განა მარტო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, იაპონიაში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი კოოპერატივებშია დასაქმებული. მე დიდი ყურადღებით წავიკითხე კანონპროექტი, რომელიც კოოპერატივების განვითარების სააგენტომ გადმომიგზავნა და ვფიქრობ, რომ ეს სავსებით ნორმალური კანონპროექტია. ბევრი შენიშვნა, რომელიც თავდაპირველად გვქონდა, გათვალისწინებულია. ამავე დროს, კანონპროექტში გათვალისწინებულია ყველაფერი, რითაც გლეხმა მოგება უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ჩვენი გლეხობა მარტო ნედლეულს ყიდის და მის გადამუშავებაზე არც კი ზრუნავს. თითოეულ რაიონში უნდა აშენდეს გადამამუშავებელი საწარმოები. კახეთში - ყურძნის, ქართლში - ხილის, წალკაში - რძის გადამამუშავებელი და ა.შ... პრიორიტეტები თვითონ ხალხმა უნდა განსაზღვროს. მოყვანილი პროდუქტის კოოპერაციული გადამუშავება ერთადერთი გამოსავალია გლეხისთვის. წარმოიდგინეთ, 1 კგ ჩაი ღირს 35-დან 40 ლარამდე, გლეხს ერთ კილოგრამ ნედლ ჩაიში 50 თეთრს უხდიან. გლეხებს საკუთარი გადამამუშავებელი მინი ქარხანა, ან საწარმო რომ ექნებათ, თვითონვე გაყიდიან თავიანთ ნაწარმს და ძირითად თანხას თვითონ დაიტოვებენ, ასევე შეიძლება მოხერხდეს თხილის, მზესუმზირის, მიწის თხილის და სხვა პროდუქციის გადამუშავებაც"...

კოოპერატივების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს შორის ყველაზე მეტი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მეპაიეთა რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია. ზაზა საბანაძე ამ მოვლენას დადებითად აფასებს: "ძველი კანონით კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო 3-დან 5 კაცამდე უნდა ყოფილიყო. მე მიმაჩნდა, რომ მეპაიეთა რაოდენობა ცოტა იყო, მაგრამ ეს ხარვეზიც გამოსწორდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ გაიფილტრება და პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განიხილება" - ამბობს საბანაძე.

სავსებით განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ამ საკითხის ირგვლივ ფერმერთა ასოციაციაში. როგორც ამ ორგანიზაციის იურისტმა ნიკოლოზ აბუთიძემ გვითხრა, მეპაიეთა რაოდენობის ზრდა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს: "ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მივიღეთ. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და აქ ევროპული მოდელის პირდაპირ გადმოტანა გამართლებული არ არის. მიგვაჩნია, რომ მეპაიეთა რაოდენობის გაზრდა დიდ პრობლემებს შექმნის, ამიტომ სააგენტოს შევთავაზეთ, რომ ეს ცვლილება არ შეეხოს კოოპერატივებს, რომლებიც უკვე შექმნილია. 11 წევრი ჩვენს პირობებში ბევრია. მართალია, ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ გრანტები თუ შეღავათები, რომლებსაც კოოპერატივის წევრები მიიღებენ, მხოლოდ ერთი ოჯახის ფარგლებში არ უნდა ჩაიკეტოს, მაგრამ თავიდანვე რომ დაედგინათ ეს რაოდენობა, კარგი იყო. ახლა კი, რადგან კოოპერატივი დარეგისტრირებულია 5 წევრად, ამ ადამიანებს კანონი არ დაურღვევიათ, შექმნეს პროდუქტი და რაღაც გამოცდილებაც მიიღეს, მეპაიეთა რაოდენობის გაზრდა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. იდეაში, რაც უფრო დიდია კოოპერატივი, მით უფრო კარგია, მაგრამ ეს მატება ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა - დირექტივებით".

"საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში"  კანონპროექტის დადებით მხარეებზეც საუბრობენ: "დადებითი მოვლენაა ის, რომ კოოპერატივის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც საპაიო შენატანს განახორციელებს. საერთოდ, მეპაიე კოოპერატივის საქმიანობაში უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს, ამ კანონპროექტით კი ასოცირებული წევრის ცნება შემოვიდა. რას ნიშნავს ეს?- დავუშვათ, თქვენ თბილისში ცხოვრობთ და მიწა გაქვთ რეგიონში, მაგრამ დრო არ გაქვთ, რომ დაამუშაოთ. შეგიძლიათ კოოპერატივში გაერთიანდეთ, თანხა შეიტანოთ, მაგრამ აქტიური მონაწილეობა არ მიიღოთ მის ყოველდღიურ საქმიანობაში. დღეს კოოპერატივების მთავარი მინუსი სახსრების არქონაა, ამ შემთხვევაში კი, კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი დამფინანსებლის როლში გვევლინება. ასევე დადებითი მომენტია სააგენტოს მიერ გრანტების გაცემა, რაც კოოპერატივების ფინანსურ უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს,"-ამბობს ნიკოლოზ აბუთიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე