პაატა მანჯგალაძე - გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ პატრიოტიზმი, ხალხის თანადგომა, გასაგებია, ხელისუფლებაც როგორ უწყობს ხელს გაიაშვილს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში

გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ პატრიოტიზმი, ხალხის თანადგომა. გასაგებია, ხელისუფლებაც გაიაშვილს როგორ უწყობს ხელს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში. მათ სპეცრეისის დანიშვნა დღემდე ვერ უზრუნველყვეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ისრაელში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად დაბრუნდნენ ქვეყანაში.

მისივე თქმით, „აირზენამ“ ფრენები ხუთჯერ გააძვირა, რაც ბოროტებაა, ხელისუფლება კი ხალხის ძარცვაში მას ხელს უწყობს.

„ისრაელში შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საომარი მოქმედებების ზონასთან ახლოს მცხოვრებ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს სურვილი აქვს დაბრუნდეს სამშობლოში, ამისთვის ხელისუფლების თანადგომა და მხარდაჭერაა საჭირო. როგორც სხვა ქვეყნებმა დაიწყეს სპეციალური რეისებით მოქალაქეების ევაკუაცია, ასევე უნდა უზრუნველყოს ქართულმა სახელმწიფომაც მოქალაქეების უსაფრთხოება. ბოროტებაა, როგორც ამას „აირზენა“ ცდილობს.

სარგებლობენ ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მძიმე მდგომარეობით. ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო გაძვირებულია ბილეთის ფასი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, ვერც კი იშოვი და თუ იშოვი, მისი ფასი 1500 ლარის ზემოთ არის.

გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ პატრიოტიზმი, ხალხის თანადგომა. გასაგებია, ხელისუფლებაც გაიაშვილს როგორ უწყობს ხელს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში. მათ დღემდე ვერ უზრუნველყვეს სპეცრეისის დანიშვნა, რომლითაც დროულად ჩამოიყვანდნენ ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს. ვითარება სახუმარო ნამდვილად არ არის, თორემ ვიტყოდი, ტარიელ ღარიბაშვილმა მაინც დააფინანსოს რამდენიმე ჩარტერული რეისი- მეთქი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.