„მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებს ბენზინის საწვავზეც მოუხსნას საქართველოს შეზღუდვები“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ ექსპორტის შეზღუდვით, საქართველოს პრობლემები არ შეექმნება და ალტერნატიული ქვეყნები, საიდანაც ნავთობპროდუქტებს შემოიტანს, ყოველთვის იქნება.
„ზედაპირული ჯერ, არა დაზუსტებული, მაგრამ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებს ბენზინის საწვავზეც მოუხსნას საქართველოს შეზღუდვები. ეს ძალიან დიდი საქმეს გააკეთებს. რუსეთმა დაინახა, ხვდება და იცის კიდეც, რომ ჩვენ პრობლემა არ შეგვექმნება, პრობლემა ექნება მხოლოდ ფასთა დაკონკრეტებაში. რა თქმა უნდა, იაფი იყო რუსეთიდან მოწოდებული საწვავი, მაგრამ ვნახავთ რა იქნება. დღეს მთელ დღეა ერთმანეთში ვსაუბრობთ, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ფასებმა ნელ-ნელა დაიწყო კლება. ღმერთმა ქნას, რომ ისეთი კლება წამოვიდეს, გვიღირდეს და გავათანაბროთ (სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის წილი)... მერწმუნეთ ყველა კომპანია ფიქრობს, რომ გაათანაბროს“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, რომელიც საქართველოსთვის საწვავის მთავარი იმპორტიორია (2023 წლის 8 თვეში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების თითქმის, 70% რუსეთზე მოდიოდა), შიდამოხმარების რეგულირების მიზნით, ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე აკრძალვა 21 სექტემბერს დააწესა. გამონაკლისს მხოლოდ ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოები წარმოადგენდნენ. თუმცა, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დიზელის ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა.