განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლებისა და მასთან ერთად დასაქმების მიმართულებით ბიზნესს, კერძო სექტორსა და დამსაქმებელს თანამშრომლობას სთავაზობს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას აღნიშნა, თანამშრომლობა გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, პროცესის ინვესტირებასაც მოიცავს.
ამილახვარის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი იდეებით სამინისტროს 15 ნოემბრიდან შეუძლიათ მიმართონ.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში დაახლოებით, 200 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ, თუმცა გამოცდილებით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით ჩვენ ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელია იმ ნიშნულებზე, იმ შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნესს, კერძო სექტორს და უკვე რეალურად, სახელმწიფო გახდება არა მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი პროფესიული განათლების განხორციელებაში, არამედ თანაინვესტორიც. ჩვენ ვხსნით უკვე ამ ფანჯარას და ოფიციალურად, 15 ნოემბრიდან, ბიზნესის წარმომადგენლებს, ბიზნესთან ჯგუფს თავიანთი იდეების ფარგლებში შეეძლებათ სამინისტროს მომართონ. მთავარი, რაც თქვენ უნდა დაგვისაბუთოთ, ეს არის თუ როგორ შეძლებთ იმ ადამიანების გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას. ჩვენ მზად ვართ, გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, გავხდეთ ამ პროცესის ინვესტორებიც. აქ ნაჩვენებია ყველა შესაძლო მოდელი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატით. ეს შეიძლება იყოს ახალი კოლეჯის ერთად დაფუძნება, არსებული კოლეჯის მართვაში გადაცემა, არსებული კოლეჯის მიმართულების მართვაში გადაცემა, საწარმოს/კომპანიის ბაზაზე სხვადასხვა მომზადება/გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა ან ნებისმიერი სხვა, რომელიც ეფექტურად დაგვანახებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება მთავარი ამოცანა - განათლება და დასაქმება. ჩვენ გთავაზობთ ერთობლივად შევქმნათ და განვახორციელოთ პროფესიული განათლება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან, ერთად ჩავდოთ მათ შორის ინვესტიცია. აქ მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობაც. დღეიდან ყველა დაინტერესებულ მიმართულებას ღია კარი გაქვთ სამინისტროში“,- განაცხადა ამილახვარმა.