ისრაელის სუპერმარკეტების წამყვანმა ქსელმა პროდუქტების შეძენაზე ლიმიტი შემოიღო

ისრაელის სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელ Shufersal-მა პირველადი მოხმარების საქონლის შესყიდვაზე ლიმიტი დააწესა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ური ვატერმანმა განაცხადა, რასაც Times of Israel ავრცელებს.

„ყველა მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის, ასევე, მაღალი მოთხოვნის, მიწოდების სირთულეებისა და მაღაზიებში მარაგის სიმცირის გამო გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ ძირითადი საკვები პროდუქტების შეძენა, როგორიც არის წყალი, კვერცხი, პური და რძე,“ – აცხადებს უოტერმანი.

კერძოდ, მომხმარებელი Shufersal-ის მაღაზიებში მხოლოდ ექვსი ცალი ლიტრანახევრიანი ბოთლისგან შემდგარი, მაქსიმუმ, ორი შეკვრა წყლის, 30-კვერცხიანი ერთი შეფუთვის ან სათითაოდ 12-კვერცხიანი ორი კოლოფის, სამი ერთეული რძისა და ორი პურის შეძენას რეგულირებული ფასებით შეძლებს.

Shufersal-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის საშინაო ფრონტის სარდლობამ რეკომენდაცია გაუწია ქვეყნის მცხოვრებლებს, მინიმუმ სამი დღის სამყოფი წყალი, საკვები და სხვა პროდუქტები მოიმარაგონ, ხოლო ამ განცხადებიდან მოკლე დროში ისრაელის სუპერმარკეტების თაროები დაცარიელდა.

უოტერმანის ცნობით, Shufersal თავის მაღაზიებში დამატებითი პროდუქტების შეტანის მიზნით მუშაობას განაგრძობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ