ქართველი ეკონომისტები 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ. მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის მეორე კვარტლის, ასევე, 2022 წლის მესამე კვარტლის შეფასებასთან შედარებით - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2023 წლის სექტემბერში ჩატარდა და საქართველოს III კვარტალის ეკონომიკური კლიმატს აფასებს.
გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები.
PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ ეკონომისტების გამოკითხვაში მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულების 36%-მა, ხოლო მაღალ საფრთხედ - 57%-მა დაასახელა.
გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 78%- მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.
გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარმა (50%) ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
ანალოგიურად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდა მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
ამავდროულად, ეკონომისტების 50% ფიქრობს, რომ ინფლაციური რისკები საერთოდ არ არის საფრთხე ან მხოლოდ დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.
რესპონდენტთა 29%-მა გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალ საფრთხედ შეაფასა.