ფინეთის ხელისუფლება რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცედურას გაამარტივებს. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრ ლენა მერიმ ადგილობრივ მაუწყებელ „იულეს“ განუცხადა.
ზაფხულში ფინეთის ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები გაამკაცრა, ხოლო სექტემბერში რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლაც აიკრძალა. ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთსა და ფინეთს შორის საბანკო კავშირები სუსტდება, ასევე, რუსების ანგარიშები ფინეთის ბანკებში ნაწილობრივ დახურულია.
შედეგად უძრავი ქონების რუსი მესაკუთრეები „თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებებს სულ უფრო უგულებელყოფენ.“ კერძოდ, გადასახადები გადაუხდელი რჩებათ და მათი უძრავი ქონება ზარალდება. ფინეთის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, საცხოვრებელი ასოციაციები გადაუხდელ გადასახადებს აწყდებიან. ასევე, გახშირდა რუსების კუთვნილი ქონების დაყადაღების შემთხვევები. საბოლოოდ, დაგვიანებული გადახდები და გადაუხდელი გადასახადები ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად ქონების ამოღებას იწვევს, რა მიზნითაც რუს მფლობელებთან დაკავშირება, თითქმის, შეუძლებელია.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საბინაო კანონმდებლობა ისე უნდა დაკორექტირდეს, რომ შესაბამისი შეტყობინებების მიღება შესაძლებელი იყოს ელექტრონულად, რადგან რუსეთსა და ფინეთს შორის საფოსტო კომუნიკაცია შეჩერებულია.
მინისტრი ამბობს, რომ ფინეთის კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, უძრავი ქონების კონფისკაციის შესახებ გაფრთხილება გაზეთში გამოქვეყნდეს, თუკი მისი მფლობელი უცნობია. სწორედ ამ პროცედურის გამოყენებას აპირებენ იმ შემთხვევებში, როცა ქონებას უცხოელი მფლობელი ჰყავს და მასთან დაკავშირება შეუძლებელი ხდება. ამასთან, მინისტრს მაგალითისთვის ესპანეთის გამოცდილება მოჰყავს, სადაც უძრავი ქონების უცხოელი მყიდველებისგან ქვეყნის საბანკო ანგარიშის ქონას ან ადგილობრივი საკონტაქტო პირის ყოლას მოითხოვენ. ეს მოთხოვნები შესაძლოა, ფენეთმაც შემოიღოს.
ლენა მერის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება მომავალი წლის შუა რიცხვებიდან დაიწყება, თუმცა თუ რუსების კუთვნილ საცხოვრებლებზე პრობლემური სიტუაციები გახშირდა, პროექტი შესაძლოა, დაჩქარდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ