რამდენიმე რუსმა ოლიგარქმა, ისევე, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა და რუსმა კრიმინალებმა სანქციების გვერდის ავლის ან თავიანთი წარსულის დამალვის მიზნით კარიბის ზღვის მიკროსახელმწიფო დომინიკის „ოქროს პასპორტები“ შეისყიდეს. ამის შესახებ გამოცემა „პროექტისა“ და OCCRP-ის ერთობლივ ჟურნალისტურ საგამოძიებო მასალაში წერია, რასაც currenttime.tv ავრცელებს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დომინიკის მონაცემთა ბაზაზე წვდომა მოიპოვეს, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში „ოქროს პასპორტის” შემძენი პირების 8000-ზე მეტ სახელს შეიცავს. მათ შორის ჟურნალისტებმა 400-ზე მეტი ადამიანი რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან გამოავლინეს.
გამომძიებლებმა ყურადღება გაამახვილეს დომინიკის „ოქროს პასპორტების" შემძენ რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა შორისაც პუტინის მიერ დაჯილდოებულ და სანქცირებულ ოლიგარქებს მიაგნეს.
კერძოდ, მიკროსახელმწიფოს „ოქროს პასპორტების“ მფლობელები არიან:
ყველა მათგანი, ჟურნალისტების განმარტებით, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.
„ოქროს პასპორტის“ სხვა მფლობელებს შორის, ასევე, რამდენიმე რუსია, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებზე იძებნებიან. მათ შორის არის ფინანსური პირამიდების შემქმნელი რომან ვასილენკო, რომელმაც ათასობით რუსი დააზარალა, ასევე, „ანტალბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი და დეპოზიტორების ფულის ქურდობაში ბრალდებული მიხაილ იანჩუკი და ანტონ მურაშოვი, რომელიც სავაჭრო კომპანიის მფლობელია და ჩინეთში საფონდო ბირჟაზე თაღლითობისთვის არის ბრალდებული.
„თეორიულად ყველა ამ ადამიანს დომინიკის პასპორტი ევროპის ქვეყნებში თავისუფალი მოგზაურობისთვის, ასევე, საბანკო შემოწმებების გასავლელად და საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელადაც კი შეიძლება, გამოადგეს. „ოქროს პასპორტის“ მყიდველებს შეუძლიათ, არა მხოლოდ დამალონ რუსეთის მოქალაქეობა, არამედ შეიცვალონ სახელი, რაც მათ იდენტიფიკაციას კიდევ უფრო ართულებს,” - წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
დომინიკა კარიბის ზღვის მიკროსახელმწიფოა, რომელიც 1993 წლიდან შედარებით მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობას ყიდის. კერძოდ, ამ ქვეყნის „ოქროს პასპორტის“ პოტენციურ მფლობელს ადგილობრივი მთავრობის ფონდში მხოლოდ 100,000 დოლარის შეტანა სჭირდება ან მან 200,000 დოლარად და მეტად მთავრობის მიერ დამტკიცებული უძრავი ქონება უნდა შეიძინოს.
დომინიკის პასპორტი, დაახლოებით, 140 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურით შესვლის საშუალებას იძლევა. ამ შესაძლებლობით, ჟურნალისტების მონაცემებით, უცხო ქვეყნის სულ მცირე 30 ათასმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა, ვინც დომინიკის „ოქროს პასპორტებში“ ინვესტიცია ჩადო.
ცნობისთვის: „ოქროს პასპორტი“ ინვესტიციის სანაცვლოდ პასპორტის აღების მექანიზმია. ამ სქემის გაუქმების მოწოდებით ევროკავშირი უკრაინის ომამდეც გამოდიოდა. კერძოდ, 2019 წელს, ლონდონში „ოქროს პასპორტების“ კონფერენციის შემდეგ ბრიუსელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ „ინვესტორებისთვის მოქალაქეობის სქემა ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდების, ტერორიზმის დაფინანსების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მხრივ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებელია.“ მანამდეც და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, რიგმა ქვეყნებმა „ოქროს პასპრტის“ საინვესტიციო პროგრამა გააუქმეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ