ერთ თვეში საერთაშორისო რეზერვები 163.6 მლნ დოლარით შემცირდა

რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ, სექტემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეზერვები აგვისტოსთან შედარებით 163.6 მლნ დოლარით შემცირდა.

კერძოდ, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 30 სექტემბრისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5 273 222 300 დოლარი შეადგინა, აგვისტოში რეზერვების მოცულობა 5 436 841 400 დოლარი იყო.

ამასთან, 158.799 მლნ დოლარით შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვებიც. კერძოდ, 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანას ჰქონდა 4 980 552 000 დოლარის სავალუტო რეზერვები, 30 სექტემბრისთვის კი თანხამ 4 821 753 300 დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის სავალუტო აუქციონი სამჯერ ჩაატარა და ჯამში 64.750 მლნ დოლარი გაყიდა. სწორედ ეს არის სავალუტო რეზერვების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი.