საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო საუზმეზე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ამ მიმართულებით საქართველოს და სხვა ქვეყნების როლი განიხილეს. საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებზე.

"შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პოზიტიური როლი აქვს რეგიონში. ასევე აქცენტი გაკეთდა საქართველოს გაწევრიანებაზე ენერგოგაერთიანებაში, ხაზი გაესვა ამ კუთხით მიღწეულ გარკვეულ პროგრესს და მოლაპარაკებების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას, რათა ყველა წესი მაქსიმალურად შეჯერდეს, ყველა შეთანხმება მაქსიმალურად წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ არ დაზარალდეს გარკვეული ტიპის შეთახმებები და მოხდეს საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება. შეხვედრისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროგრესზე ევროკაშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.