Azimut თბილისში მინვოდიდანაც იფრენს

რუსული ავიაკომპანია, Azimut თბილისის მიმართულებით ფრენებს მინვოდიდან იწყებს. პირველი რეისი 19 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ TASS-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები კვირაში სამი დღე, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება და მათი ფასი ადგილების რაოდენობისა და ბარგის მიხედვით 6 150-დან 56 075 რუბლამდე, ანუ, დღევანდელი კურსით, 171-დან 1 560 ლარამდე მერყეობს.

Azimut-ს მინერალნიე-ვოდიდან თბილისში, ასევე, სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ბათუმის რეისების შესრულებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნებართვა ახლახან მიანიჭა.

ცნობისთვის: Azimuth Airlines-მა მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი 9 ოქტომბერს შეასრულა. ეს რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება, რომლის ბილეთის ფასი 800 ლარამდე მერყეობს. 11 ოქტომბრიდან Azimuth Airlines-მა ფრენა სოჭიდან თბილისის მიმართულებითაც დაიწყო. რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს სრულდება, ბილეთის ფასი კი 332,5 ლარიდან იწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ