TI - საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი მიზნად ისახავს დირექტორთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევას და საარჩევნო მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებას

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებული საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი მიზნად ისახავს სკოლის დირექტორთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევას და საარჩევნო მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა, სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი, არჩევნებს მიღმა დატოვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ეს ცალსახად არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ართმევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლები ესაუბრნენ რამდენიმე ყოფილ დირექტორსა და დირექტორობის იმ მსურველებს, რომელთა კანდიდატურებიც არცერთ სკოლაში არ წარადგინეს. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.

სამინისტროს ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ოზურგეთისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში და იგი პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს აანალიზებდა, საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითებზე წერდა. სავარაუდოდ, მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მათ შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და მათზე დაყრდნობით ატარებდა საკადრო პოლიტიკას. კერძოდ, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა, მათგან 95 დირექტორი ფიგურირებდა მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 89 გათავისუფლებულ დირექტორს აფასებდა უარყოფითად, მმართველი პარტია - 80 დირექტორს, ხოლო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები - 29. ამ მონაცემებიდან ჩანდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.

უკონკურენტო გარემოში სკოლის დირექტორთა კანდიდატების წარდგენის მიმდინარე პროცესი ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს, რომ ხელისუფლების სავარაუდო მიზანი მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი სკოლის დირექტორების განწესებაა, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად შეძლოს. დირექტორთა კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი მათი კომპეტენცია და კვალიფიკაცია უნდა იყოს და არა მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.