ქართველ აბიტურიენტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ გასაუბრებით ანაწილებენ - რამდენი განაცხადია საქართველოდან

2024-25 სასწავლო წელს რუსულ უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა წარადგინა. ამის შესახებ TASS-ს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში განუცხადეს.

სექციის ცნობით, წელს კვოტა 200 ადგილს შეადგენს და საქართველოდან აბიტურიენტებს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტს შორის სთავაზობენ არჩევანს. თუმცა ამ ჩამონათვალში არ შედის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.

რუსეთის ინტერესთა განყოფილებაში აცხადებენ, რომ „საქართველოში მყოფი აბიტურიენტები, ძირითადად, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებს ირჩევენ, თუმცა მოთხოვნა ასევე არის ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებზეც.“

სექციაში საქართველოდან აბიტურიენტების ტოპ სპეციალობებს შორის ასახელებენ მედიცინას, ენათმეცნიერებას, IT-სპეციალობებს, სამართალს, ეკონომიკას, ინჟინერიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებსა და მშენებლობას.

„დღეს საქართველოს კვლავ სჭირდება მაღალკვალიფიციური, ინტელექტუალური სპეციალისტები, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ სამშენებლო, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს სპეციალობებს,“ - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში.

2024-25 სასწავლო წლისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში მისაღები განაცხადების წარდგენა 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება. ვებგვერდზე კანდიდატმა განაცხადი დოკუმენტების კომპლექტის ატვირთვით უნდა დაარეგისტრიროს. დეტალური ინსტრუქცია ინტერესების სექციის ვებგვერდზე რუსულ და ქართულ ენებზეა განთავსებული, რომლის სახლწოდებაც არის - „როგორ ჩავირიცხოთ კვოტით რუსულ უნივერსიტეტში.“

შემდეგ აბიტურიენტს ინტერესების სექციაში იწვევენ, სადაც ისინი, წერილობითი გამოცდისა და ტესტირების გარეშე, გასაუბრებას გადიან როგორც რუსულ, ისე ქართულ ენებზე. საბოლოოდ, სექცია მათ უნივერსიტეტებში ანაწილებს. იქ, ასევე, აცხადებენ, რომ თუ აბიტურიენტი არ ფლობს რუსულს, „მას ენის შესწავლის შესაძლებლობა მოსამზადებელ კურსზე ეძლევა.“

„მაისში რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება მეტად შეუწყობს ხელს მომავალი სტუდენტების მოსანახულებლად მათი ნათესავებისა და მეგობრების რუსეთში გადასვლას,“ - აცხადებენ სექციაში.

უწყება დასძენს, რომ ნებისმიერ უცხოელ სტუდენტს უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ მოეწყოს.

სექციის მონაცემებით, წლევანდელის მსგავსად, გასული სასწავლო წლის კვოტაც 200 ადგილს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის შემოდგომიდან რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა შერჩეული აბიტურიენტების 100-ვე პროცენტს მიეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ