ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 9 კილომეტრამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა საგზაო ნიშნებისა და სანიაღვრე სისტემის გათვალისწინებით ხორციელდება.
„გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს, როგორც გრუნტის, ისე ანაკრები რკინა ბეტონის კიუვეტები, მიერთებაზე და ეზოში შესასვლელებზე კი, ლითონის ცხაურები და მილები ეწყობა. აგრეთვე, რეაბილიტაცია უტარდება გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს.
სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 6 344 999, 66 ლარს შეადგენს.
პროექტი საბოლოო სახით მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და ადგილობრივები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი - დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ასლან საგანელიძე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.