სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 33 500 ევრო დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე ეხება საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლის 17 მაისის მოვლენებს. "ყველა არსებული სამხილის გათვალისწინებით, სასამართლო აცხადებს, რომ განმცხადებლებზე თავადასხმა 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობის დროს წაქეზებული იყო იმათ მიერ, რომლებიც მტრულად არიან განწყობილები ლგბტ საზოგადოების მიმართ საქართველოში. უფრო მეტიც, აღნიშნულმა ძალადობამ, რომელიც ძირითადად სიძულვილის ენას და სერიოზული საფრთხის შექმნას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას მოიცავდა, წარმოშვა შიში, მღელვარება და საფრთხე, რომელიც 13-მა განმცხადებელმა გამოსცადა", - წერია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებული იყვნენ დაეცვათ დემონსტრანტები, მათ შორის განმცხადებლები, ვერ მოახერხეს ეს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომხდარი ინციდენტი სათანადოდ არ გამოძიებულა. სტრასბურგის სასამართლომ იდენტობისა და 14 განმცხადებლის სასარგებლოდ რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. შედეგად მოპასუხე ქვეყანას საერთო ჯამში 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ანაზღაურდეს.