გასამხედროებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, „ჰამასმა,“ „პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა“ და „ჰეზბოლამ“ ისრაელზე თავდასხმამდე ერთი წლის განმავლობაში მილიონობით დოლარის კრიპტოაქტივები მიიღეს. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) კომპანია Elliptic-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსების აზრით, 2021 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივნისამდე კრიპტოსაფულეებიდან, რომლებსაც ისრაელის ხელისუფლება „პალესტინის ისლამურ ჯიჰადს“ უკავშირებს, 93 მლნ დოლარი იქნა მიღებული.
ანლოგიურ პერიოდში, „ჰამასთან“ დაკავშირებულ მისამართებზე, დაახლოებით, 41 მლნ დოლარი გაიგზავნა. თუმცა ჯერ უცნობია, გამოიყენებოდა თუ არა ეს თანხები უშუალოდ 7 ოქტომბრის თავდასხმის დასაფინანსებლად.
ანალიტიკოსების ცნობით, აშშ და ისრაელის ხელისუფლება ცდილობს, ამ ჯგუფებს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა შეუწყვიტოს. თუმცა ჯერ არ არის დადგენილი, რამდენი კრიპტოვალუტა ამოიღო ისრაელის ხელისუფლებამ ამ საფულეებიდან, რაც, ექსპერტების აზრით, მთლიანი თანხის მხოლოდ მცირე პროცენტი უნდა იყოს.
WSJ წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფებები არა მხოლოდ აგროვებდნენ თანხებს კრიპტოვალუტების გამოყენებით, არამედ თავიანთ ორგანიზაციებში ფულის გადასატანად იყენებდნენ.
ისრაელის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდგომ დღეებში ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებებმა „ჰამასთან“ დაკავშირებული კრიპტოვალუტის საფულეების დაუზუსტებელი რაოდენობა გაყინეს. კერძოდ, „ჰამასის“ დაჯგუფებასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ანგარიშების ჩხრეკისა და ამოღების მიზნით უწყებათაშორისი ოპერაცია ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების განყოფილება, Lahav 433, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური, „შაბაკი.“ გამოძიებაში, ასევე, კრიპტობირჟა Binance-ც ჩართეს.
ამოღებული ანგარიშების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. პრესსამსახურის ცნობით, ისინი სოციალურ ქსელებში დაჯგუფის მხარდასაჭერად და კრიპტოვალუტაში შემოწირულობების შესაგროვებლად გამოიყენებოდა.
ამასთან, ხელისუფლების მოთხოვნით დიდ ბრიტანეთში სამართალდამცავებმა Barclays-ში „ჰამასის“ საბანკო ანგარიში გაყინეს, რომელიც, ასევე, შემოწირულობების შესაგროვებლად გამოიყენებოდა.
ცნობისთვის: მაისში ისრაელის ხელისუფლებამ „ჰამასთან“ დაკავშირებული Binance-ის დაახლოებით 190 ანგარიში გაყინა, ხოლო ივნისში მთავრობამ „მილიონობით დოლარის“ კონფისკაცია მოახდინა კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომლებიც შიიტურ გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას” უკავშირდებოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ