ფადი ასლი: ეროვნული ბანკი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს

"თიბისი ბანკის" სათავო ოფისში ტექნიკური სავაჭრო ფორუმი გაიმართა, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ვაჭრობის დაფინანსებაში, სფეროს განვითარების საკითხებზე მსჯელობდნენ. ღონისძიებას "თიბისი ბანკის" დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, EBRD-ის წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი ინვესტორები და ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები ესწრებოდნენ.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლების ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”EBRD-ის შეხვედრა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ამგვარად საქართველოს საკუთარ რუკაზე ნიშნავს. ეს უმაღლესი დონის ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის 1 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის მაღალი დონის მაღალჩინოსნები, პრემიერ-მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები არიან. ამგვარად ყველა თვალი ახლა საქართველოსკენ იქნება მიმართული. საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აქ ინვესტორებისათვის უდიდესი პოტენციალი არსებობს”.

ფადი ასლიმ კომენტარი გააკეთა ასევე ეროვნული ბანკის საქმიანობაზეც: ”საერთაშორისო სავაჭრო პალატა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას. ჩვენ გვჯერა, რომ ეროვნული ბანკი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ არ გვჯერა, რომ სავალუტო კრიზისთან რაიმე კავშირი აქვს ეროვნული ბანკის უყურადღებობას. გარე ფაქტორებმა, რა თქმა უნდა, მოახდინეს გავლენა ვალუტაზე, თუმცა, ბევრი შიდა ფაქტორიც მოქმედებს. ამიტომაც ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, მიიღოს საჭირო ზომები ამ ფაქტორების გამოსასწორებლად. მჯერა, რომ თუ ეს ფაქტორები გამოსწორდა, სავალუტო მდგომარეობა გაუმჯობესდება,”- განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ.