გიორგი ამილახვარი აზიის განვითარების ბანკის ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზიის ბანკის (ADB) ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორთან სოფია შაკილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„საუბარი შეეხო ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვებიც გააცნო და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის დირექტორი ლესლი ბიერმან ლამი და მისი მოადგილე კამელ ბუჰმადი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.