სოროსის ფონდი ოფისების დასახურად და თანამშრომლების შემცირებისთვის ემზადება

მილიარდერ ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო ფონდების ქსელი, Open Society Foundations („ღია საზოგადოება“) მსოფლიო მასშტაბით ზოგიერთი ოფისის დასახურად და თანამშრომლების 40%-ის შესამცირებლად ემზადება. ინფორმაციას Bloomberg წყაროებსა და „ღია საზოგადოების“ შიდა ელფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემცირებისა და დახურვის ძირითადი ტალღა აფრიკას შეეხება. კერძოდ, ფონდი ეთიოპიის, უგანდას, სამხრეთ აფრიკის, დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს, ნიგერიისა და სიერა ლეონეს რიგ ქალაქებში თანამშრომლებს შეამცირებს, ხოლო ბარსელონასა და აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ოფისებს დახურავს. ამ ოფისების დახურვაზე ფონდმა განცხადება უკვე გაავრცელა, ხოლო აფრიკის ოფისები ბოლო დროს ისედაც დახურვის ან ერთ რეგიონულ განყოფილებად გაერთიანების სტადიაზე იყვნენ.

Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ შემცირებები, ძირითადად, შეეხება მათ, ვინც აქტიურ მუშაობაშია ჩართული, როგორიც არის, მაგალითად, გრანტების გაცემა.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა მარკ მალოქ-ბრაუნმა სააგენტოს განუცხადა, რომ ფონდი ორ წელიწადში უკვე მესამედ გადის რესტრუქტურიზაციას. ტოპ მენეჯერის ცნობით, ცვლილებები პრიორიტეტების ცვლილებას გულისხმობს, რომელიც გრანტების გაცემამდე ხანგრძლივი შემოწმებიდან დაწყებული გაცემის შემდეგ მათი ეფექტის შესწავლას მოიცავს.

Bloomberg-ის მონაცემებით, სოროსი ყოველწლიურად ქველმოქმედებაზე გრანტების სახით 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ