G7 ქვეყნების ანგარიშებზე 280 მლრდ დოლარის ღირებულების რუსეთის სუვერენული აქტივები მანამ დარჩება გაყინული, სანამ „რუსეთი არ გადაიხდის იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა.” ამის შესახებ G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მართველთა ერთობლივ განცხადებაში წერია.
G7-ის წევრები აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და იაპონიაა.
მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, G7-ის ქვეყნებმა უკრაინის „ურყევი მხარდაჭერა“ დაადასტურეს და რუსეთის „უკანონო და გაუმართლებელი“ ქმედებები დაგმეს. მათ განაცხადეს, რომ „უკრაინას დახმარების აღმოსაჩენად, თავიანთი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა შესაძლო გზას შეისწავლიან,“ რათა „რუსეთმა უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციის ფასი გადაიხადოს.“
განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ჯგუფ REPO-მ (Russian Elites, Proxies, and Oligarchs), რომელიც რუსეთის ელიტის, ოლიგარქებისა და მათი ნდობით აღჭურვილი პირების საქმიანობას სწავლობს, დაადგინა, რომ G7-ის ქვეყნების იურისდიქციებში, დაახლოებით, 280 მლრდ დოლარის რუსული აქტივები არის დაბლოკილი. ავტორები აღნიშნავენ, რომ თანხა გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის იმ ზარალისთვის, რაც მან უკრაინას მიაყენა.
G7, ასევე, განიხილავს „თუ როგორ შეიძლება, უკრაინისა და მისი აღდგენის მხარდასაჭერად გამოყენებული იქნას ნებისმიერი კერძო კომპანიის ჭარბი შემოსავალი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიიღება.“
„ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება,“ - აცხადებენ G7-ის ფინანსისტები.
ისინი პირობას დებენ, რომ „2024 წელს უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებენ.“ G7-ის ქვეყნები, ასევე, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ შორის, დონორთა დახმარების საკოორდინაციო პლატფორმის მეშვეობით გააგრძელებენ.
ცნობისთვის: 11 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის მდივან ჯანეტ იელენმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ გაყინულ რუსულ აქტივებზე მოგების გადასახადის შემოღებას. ევროკავშირის ლიდერებმა ამ გეგმას ბრიუსელის 29 ივნისის სამიტზე ევროპის ცენტრალური ბანკის გაფრთხილების მიუხედავად დაუჭირეს მხარი. კერძოდ, ევროპის ბანკი შიშობს, რომ აქტივების შემოსავლის გამოყენებამ შესაძლოა, ოფიციალური რეზერვების მფლობელებს ევროზე უარი ათქმევინოს. თუმცა გეგმის მხარდამჭერები თვლიან, რომ სტაბილურობისთვის ყველაზე დიდმა საფრთხემ რუსეთის ბანკის აქტივების დაბლოკვასთან ერთად გადაიარა. ლიდერები მოელიან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, დაახლოებით, 3 მლრდ ევროს ოდენობის ჭარბ მოგებას მოიტანს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ