საქართველოში მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, მატულობს იმპორტის მოცულობა. კერძოდ, თუ 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 20.109 მლნ დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობამ 25.613 მლნ დოლარი შეადგინა.
Second-hand-ის მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ორ ათეულ წელზე მეტია მეორეული სამოსის ბაზრობები და მაღაზიები მოქმედებს საქართველოშიც.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მოთხოვნა მეორად ტანსაცმელზე და მეტროსადგური „სადგურის მოედანზე“ არსებულ ერთ-ერთ მიწისქვეშა მეორეული ტანსაცმელების ბაზრობას ეწვია.
როგორც ბაზრობაზე მოვაჭრეებმა გვითხრეს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც დღეში მინიმუმ 20 მოხმარებელი ჰყოლიათ, ეს ტენდენცია წინასასკოლო სამზადისის პერიოდში შეიმჩნევა. ამბობენ, რომ ძირითადი მყიდველები ქართველები არიან, თუმცა ზოგჯერ უცხოელებიც სტუმრობენ.
„როგორც ხედავთ, ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ბოლო 3 წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ვერ ვიტყვი, რომ ხალხს უჭირს და ამიტომ ყიდულობენ სხვის გამონაცვალ სამოსს, პირიქით, ვაკვირდებით და ბევრს ბოლო გამოშვების ტელეფონი და სხვა ფუფუნების საგანი აქვს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. ადრე სირცხვილი იყო სხვისი ნაცვამი ტანსაცმელების ჩაცმა, ახლა ეს სიტუაცია შეიცვალა, ზოგიერთ ადამიანს ბრენდულ მაღაზიებში არ უყვართ ისე სიარული როგორც ჩვენთან, ცდილობენ ახალი რაღაცეები აღმოაჩინონ, განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ და შედარებით ბიუჯეტურად ჩაიცვან“, - გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
„ჩვენთან ბევრად იაფია ტანსაცმელი და ასევე ნახავთ ცნობილი ბრენდების სამოსს - ეს ადამიანებს სტიმულს აძლევს, იარონ ჩვენთან. აქ ძირითადად, უფრო ახალგაზრდები მოდიან, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და 40 წლამდე ქალბატონები. ახალგაზრდებს არ ეთაკილებათ მეორადი ტანსაცმელების ჩაცმა. პირიქით, მაღაზიებში 70 ლარად ერთ შარვალს თუ იყიდიან, ჩვენთან ამ თანხაში მინიმუმ 4 სამოსს შეიძენენ, ამიტომაც ფინანსურად ეს მათთვის მომგებიანია“,- აღნიშნავს ერთ-ერთი მოვაჭრე.
„ბიზნესპრესნიუსი“ აგრეთვე გაესაუბრა ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მეორეულ ბაზრობას ხშირად მარტო ან თავის მეგობრებთან ერთად სტუმრობს და სკოლისთვის შესაბამის ტანსაცმელებს ძალიან იაფად ყიდულობენ.
„მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს ვინტაჟური ტანსაცმელი, ზამთარში კი დიდი ზომის ტანსაცმელები, რომლებიც მაღაზიაში ძალიან ძვირია. ჰუდები სკოლისთვის ყველაზე კომფორტულია, თან აქ ძალიან დიდი არჩევანია. ხშირად 3 ლარადაც მიყიდია ზაფხულში ზედა, მოლებში კი ასეთ ფასებს ვერასდროს ვნახულობ.
„მეგობრები ფულს ვაგროვებთ ხოლმე და აქ ყველა ერთად მოვდივართ, ზოგჯერ ჩელენჯებიც გვაქვს ერთმანეთს ტანსაცმელს ვურჩევთ და ვცდილობთ ჩვენი გარდერობი საინტერესო და უფრო უცხო გავხადოთ. ბევრი ფული სკოლის მოსწავლეებს არ გვაქვს, იმისთვის, რომ ძვირად ღირებული ტანსაცმელი ვიყიდოთ, ამიტომაც აქ მოსვლა გვიხარია ხოლმე“, - საუბრისას აღნიშნა ერთ-ერთი ბაზრობის მომხმარებელმა.
ავტორი: ნინი შატბერაშვილი