,,სამეგრელოსა  და გურიაში თხილის ფასი შემცირდა  კახეთში კი, ჯერ კიდევ ნარჩუნდება მაღალი ფასი” - რა ღირს თხილი საქართველოში

ქართულ ბაზარზე თხილი იაფდება. საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა ,,ბიზნესპრესნიუსთან" თხილის ფასის კლების მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით, თხილის ღირებულება 3 ლარიდან იწყება და 8 ლარამდე მერყეობს.

,,ადგილობრივ ბაზარზე მცირედით, თუმცა თხილი გაიაფებულია. სამეგრელოსა და გურიაში მეტად აისახა, კახეთში კი, ჯერ ეს ტენდენცია არ გვაქვს და ჯერ კიდევ ნარჩუნდება მაღალი ფასი.

მოგეხსენებათ, თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე და ამიტომ, ახლა ბაზარზე ყველა ფასის თხილია ხელმისაწვდომი. თხილის ფასი იწყება 3 ლარიდან და ადის 8 ლარამდე. ძალიან დიდი დიაპაზონია. სამეგრელოში საშუალო ხარისხის თხილის ფასი მერყეობს 4.5 ლარიდან 5 ლარამდე. კახეთში 5-6 ლარია. ამაზე მაღალი და დაბალიც შეიძლება იყოს ფასი ხარისხის მიხედვით. ვგულისხმობ სტანდარტულ, ნორმალურ ხარისხს.

გასულ წელთან შედარებით, ფასები შედარებით მაღალია, მაგრამ ხარისხია შემცირებული და ამიტომ სათანადოდ ვერ აისახება ფერმერების შემოსავლებზე" - განაცხადა ქარდავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან".

ინფორმაციისთვის, საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 40.2 მლნ აშშ დოლარის 8 442 თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 46.8 მლნ აშშ დოლარის 9 827 ტონა თხილი.

2023 წელს, ყველაზე დიდი შემსყიდველი იტალიაა, სადაც საქართველოდან 8 თვეში 6.8 მლნ აშშ დოლარის 1 609 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, შემდეგია გერმანია სადაც 6 მლნ აშშ დოლარის 1 215 ტონა თხილი გაიყიდა და ესპანეთი 3.3 მლნ აშშ დოლარის 576 კილო პროდუქტით.

იხილეთ ასევე: თურქეთის ბაზარზე თხილი იაფდება

თამარ მუკბანიანი