ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელების მიზნით 10 მლნ ევრო გამოიყოფა

ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელების მიზნით 10 მილიონი ევრო გამოიყოფა. აქედან 7 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შეღავათიანი სესხის სახით გამოყოფს, ხოლო 3 მილიონი ევრო შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გრანტს წარმოადგენს. შესაბამის სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.

პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის შეძენას. ახალი ნაგავსაყრელი ქვემო ქართლის ხუთ მუნიციპალიტეტს - მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა მოემსახურება.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ამ პროექტის ხელმოწერით დაიწყო თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მუშაობა. მისივე თქმით, კვირის განმავლობაში თბილისში ძალიან ბევრი შეხვედრა და ფორუმი გაიმართება, რომელიც უდავოდ გაზრდის საქართველოს ბიზნესცნობადობას. ხადურმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს იმისთვის, რომ EBRD-მა 2,5 მილიარდი ევროს ინვესტირება განახორციელა საქართველოში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.