ნიდერლანდების სხიპჰოლის აეროპორტში ტრანზიტი შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მგზავრებისთვის შესაძლოა, სატრანზიტო გადასახადი დაწესდეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა და მას ახლა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, ტრანზიტულ მგზავრებს, დაახლოებით, 52,86 ევროს გადახდა მოუწევთ. ეს თანხა სახელმწიფო ხაზინაში შევა და ენერგორესურსებზე გადასახადების შემცირებას მოხმარდება.

ამრიგად, ნიდერლანდები ევროპაში შესაძლოა, ერთადერთი ქვეყანა გახდეს, სადაც ტრანზიტი ფასიანი იქნება.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მატარებლით მგზავრობა თვითმფრინავზე ეკოლოგიურად ხუთჯერ სუფთაა. ამდენად, ევროპა აქტიურად მუშაობს, რომ მოსახელბამ ავიატრანსპორტით ნაკლები სიხშირით ისარგებლოს. მაგალითად, საფრანგეთში მოკლე მანძილის შიდა ფრენები უკვე გაუქმდა. კერძოდ, პარიზი-ლიონი და პარიზი-ბორდოს რეისები სამუდამოდ დაიკეტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ